ირაკლი როსტომაშვილი - ღამის ეკონომიკის პროექტი უნდა დაიხვეწოს და ისეთი სტრუქტურა მიიღოს, როგორიც დასავლეთის განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებშია

„ღამის ეკონომიკისთვის“ აუცილებელია სახელმწიფო უწყებებში და დაწესებულებებში სამუშაო დღე უფრო ადრე დაიწყოს, თუნდაც დილის 06:00–07:00 საათზე, - ამის შესახებ „მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა ღამის ეკონომიკასთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე თქმით, „ღამის ეკონომიკა“ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებსა და ქალაქებში განვითარების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ხოლო დასავლეთ ევროპაში „ღამის ეკონომიკას“ „მეორე ცვლის ეკონომიკად“ მოიხსენიებენ. როსტომაშვილის შეფასებით, ღამის ეკონომიკის პროექტი უნდა დაიხვეწოს და ისეთი სტრუქტურა უნდა მიიღოს, როგორიც დასავლეთის განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებშია.

ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ „ღამის ეკონომიკა“ სულაც არ ნიშნავს ღამის კლუბების მომრავლებას და ეკონომიკის ეს სეგმენტი გაცილებით კომპლექსურია და განსაკუთრებულ მიდგომებს საჭიროებს.

„მეორე ცვლის ეკონომიკა“ უპირველესად არის სამუშაო დროის სწორი მენეჯმენტი. განვითარებულ ქალაქებში ამ მიმართულებით დიდი გამოცდილებაა დაგროვილი, რაც უპირველესად გულისხმობს მეტი თავისუფალი დროის გამონახვას მოსახლეობისთვის. „მეორე ცვლის ეკონომიკაში“ ლომის წვლილი ადგილობრივ მოსახლეობას მიუძღვის, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ თბილისის მერიის ახლად შექმნილ სამსახურში“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

მისივე თქმით, „მეორე ცვლის ეკონომიკისთვის“ აუცილებელია სახელმწიფო უწყებებში და დაწესებულებებში სამუშაო დღე უფრო ადრე დაიწყოს, თუნდაც დილის 06:00–07:00 საათზე. ამ შემთხვევაში სამუშაო საათების გადაწევას ავტომატურად აყვება კერძო სექტორიც და ნაცვლად 18:00–19:00 საათისა, მოსახლეობის დასაქმებული ნაწილი სამუშაო დღეს 15:00–16:00 საათზე დაასრულებს.

„დღეს თუ ადამიანი სამსახურს 19:00 საათზე ამთავრებს, იმის გათვალისწინებით, რომ სახლში მისვლამდე კიდევ გარკვეულ დროს კარგავს, საოჯახო საქმეებიდან გამომდინარე, ვეღარ ახერხებს გარეთ გასვლას. ნებისმიერი ადამიანის თუნდაც 1 საათით გასვლა სასეირნოდ, ავტომატურად ნიშნავს გარკვეული ხარჯების გაწევას, თუნდაც 5–10 ლარის. წარმოვიდგინოთ, დღეში თითოეული თბილისელი თუ დამატებით 5 ლარს დახარჯავს, რამდენად გაიზრდება კაპიტალბრუნვა დედაქალაქში. ეს კი პირდაპირ ნიშნავს წვრილი და მცირე ბიზნესის, ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტების განვითარებას“, – განაცხადა „მენაშენეთა ასოციაციის“ ხელსძღვანელმა.

ირაკლი როსტომაშვლი მიიჩნევს, რომ აუცილებელია თბილისში ტროტუარებისა და გზებზე გადასასვლელების კომპლექსური რეკონსტრუქცია ისე, რომ ქვეითებმა შეუფერხებლად და კომფორტულად შეძლონ დიდი მანძილების გავლა.

„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ტროტუარების მოწესრიგება/განვითარებას დედაქალაქის მერის ახალი პროგრამის – „თბილისის ღამის ეკონომიკა“ კონტექსტშიც განიხილავს. „ტროტუარები ბევრად კომფორტული უნდა გახდეს და თავისუფლად გადაადგილების გარდა, დასასვენებელი მიკროზონებიც უნდა გაკეთდეს. ფართო, უწყვეტი და კომფორტული ტროტუარები პრიორიტეტი უნდა იყოს. ის ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს. ტროტუარი და ქვეითი უპირობო პრიორიტეტულობით უნდა სარგებლობდეს მანქანებთან და მძღოლებთან მიმართებაში. ყველა შესაძლო ადგილზე უნდა განთავსდეს სკამები, რათა უბნებსა და ქუჩებზე, სადაც არ არსებობს სკვერი, მოქალაქეებმა სეირნობა და დასვენება კომფორტულ გარემოში შეძლონ“, - განაცხადა როსტომაშვილმა.

მისივე თქმით, „მეტი მოქალაქე ქუჩაში“ ნიშნავს მეტი ფულის ხარჯვას. სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ფულის ბრუნვის გაზრდა თბილისის მეორე ცვლის ეკონომიკის („ღამის ეკონომიკის“) განვითარების წინაპირობაა“.

როსტომაშვილი „ღამის ეკონომიკის“ დადებით ეფექტებს შორის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად „მენაშენეთა ასოციაციაში“ სოციალურ საკითხს ასახელებს.

„მეორე ცვლის ეკონომიკა“ ნიშნავს, რომ სამუშაო დღე არსებულზე გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს და, შესაბამისად, დასრულდეს. ასეთ შემთხვევაში დასაქმებულ მოქალაქეებს უფრო მეტი დრო დარჩებათ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით შვილებთან კომუნიკაციისათვის. ეს აუცილებელი პირობაა ოჯახის ინსტიტუტის სიმტკიცის გასაძლიერებლად“, – აცხადებს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი.

მისივე თქმით, „ღამის ეკონომიკა“ თავის თავში გულისხმობს ვაჭრობის, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას დედაქალაქის საძილე რაიონებში. „ასეთ შემხვევაში აღარ მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი კონცენტრირება თბილისის ცენტრალურ უბნებში, ვინაიდან იგივე მომსახურებას თუ პროდუქტს, რასაც ხალხმრავალ ტურისტულ ზონებში დღეს იღებენ, საკუთარი სახლების სიახლოვესაც მიიღებენ.

იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში დასაქმებულთა დიდი წილი წვრილ კერძო ბიზნესზე მოდის, „ღამის ეკონომიკის“, იგივე „მეორე ცვლის ეკონომიკის“ გონივრული განვითარების შემთხვევაში, ვაჭრობისა და მომსახურების სექტორს კიდევ უფრო მეტი ობიექტი გაუჩნდება, მოთხოვნის ზრდის ხარჯზე“, - აცხადებს როსტომაშვილი.

„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის აზრით, „ღამის ეკონომიკის“ განვითარებაში უმნიშვნელოვანი წვლილი ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თავისუფალ დროს ტურისტებზე ნაკლებ ფულს ხარჯავს, მათი რაოდენობის სიდიდიდან გამომდინარე მაინც მნიშვნელოვნად გაიზრდება ფულის, როგორც „ეკონომიკის სისხლის“ ბრუნვა.

ირაკლი როსტომაშვილის აზრით, „მეორე ცვლის ეკონომიკა“ ნიშნავს დროის ოპტიმალურ გადანაწილებას, მეტ დროს ოჯახისთვის, მეტ ურთიერთობებს, მეტ ზრუნვას ბავშვებზე, ნაკლებ კრიმინალს, ინფრასტრუქტურის განვითარებას საძილე რაიონებში, შიდა ტურიზმის გაზრდას. ეს ყველაფერი ერთობლიობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის ეკონომიკურ განვითარებაში.