ბანკიდან სამინისტროში - რა ქონებას ფლობს გიგა კაცია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ გიგა კაცია მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა.მანამდე კი როგორც 2018 წლის 6 ივლისს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, კაცია “თიბისი ბანკსა” და „კარგო მარკეტში“ მუშაობდა.

კერძოდ, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 3 ივლისის პერიოდში „თიბისი ბანკის“ კორპორატიული დირექტორის მოადგილედ მუშაობისას მისი ანაზღაურება - 317 020 ლარი; „კარგო მარკეტის“ მრჩევლობისას კი 2017 წლის 10 ივლისიდან 31 დეკემბრის პერიოდში მისი ანაზღაურება 15 000 ლარი იყო.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიგა კაცია ფლობს 149,4 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ასევე 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და 360 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დედაქალაქში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი „ჰუნდაი სანტაფე“.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია მითითებული კაცია ფლობს ასევე TBC BANK GROUP-ის 2807 აქციას, რომელიც 2015 წელს აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 3 475 დოლარი; 1 407 გირვანქა სტერლინგი; 5 537 ლარი და 1,74 ევრო ჰქონდა.

ამასთან, კაცია ფლობს შპს „კარგო მარკეტისა“ და „ქართული პროდუქტების“ 20% და 50%-იან წილებს, რომელიც სამართავად სერგი ლეჟავასთვის აქვს გადაცემული. გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, კაციამ 2593 გირვანქა სტერლინგად გაყიდა აქციები, თუმცა, რომელი კომპანიის აქციებზეა საუბარი მითითებული არ არის.

გიგა კაციას ჰყავს მეუღლე და 4 შვილი. მისი მეუღლე ფლობს 94 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ბაკურიანში; მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი „კია რიო“; დეკლარაციის შევსების მომენტში კი საბანკო ანგარიშზე 300 ლარი ჰქონდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გიგა კაცია 2012-2017 წლებში “თიბისი ბანკში” კორპორატიული დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე ამავე ბანკში, გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო. 2009 წელს “ვითიბი ბანკის” ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი იყო. იგი სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ასევე ბანკ “რესპუბლიკაში”.