დუშეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი აგვისტოში დასრულდება.ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის მერიის წარმომადგენელმა შალვა ინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პროექტის პირველი ეტაპი ე.წ ბულვარისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციას გულისხმობდა, რომლის სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.
რაც შეეხება მეორე ეტაპს, შალვა ინაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალური განვითრების ფონდის მიერ ტენდერი უკვე გამოცხადდა და 25 ივლისს დასრულდება.
დუშეთის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2018 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ვერ მოასწრო. სწორედ აღნიშნული ფაქტორი გახდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის უკმაყოფილების მიზეზი. მან სამუშაოები ადგილზე ივნისის ბოლოს დაათვალიერა და მშენებლობის ტემპები არადამაკმაყოფილებლად შეაფასა. ამასთან, კონტრაქტორ კომპანიას ობიექტზე მუშახელის დამატება მოსთხოვა.
შალვა ინაშვილი კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ ვერ მოასწრო კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოების დასრულება, ვერ ასახელებს: „კომპანიამ ითხოვა თარიღის გადაწევა და მათ სექტემბრის ჩათვლით აქვთ ვადა, რათა დაასრულონ სამუშაოები“.
პროექტით, რომელსაც მსოფლიო ბანკი 2 446 532 ლარით აფინანსებს, გათვალისწინებულია - შადრევნის, სანიაღვრეების და კანალიზაციის მოწყობა. ასევე, საყრდენი კედლის გამაგრება, ბილიკებისა და პატარა სკვერების, პარკის განათების, საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება. სამუშაოები ითვალისწინებს პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის გარემოპირკეთებას.
„პირველი ეტაპი აგვისტოში დასრულდება. უკვე დასრულებულია ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება, შიდა ბილიკები, სველი წერტილები, განათებები და ა.შ. დარჩენილია 24 ლამპიონის დამონტაჟება და სამუშაოების მხოლოდ მცირედი ნაწილი. აპ ეტაპზე დახარჯულია 2 მილიონ ლარამდე“,-აცხადებს შალვა ინაშვილი.
რაც შეეხება რეაბილიტაციის მერე ეტაპს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4, 636 860 ლარია.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანულ განახლებას. კერძოდ, 40 სახლის რეაბილტაციას. ამასთან, პროექტით განსაზღვრულია რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, შამანაურის, წმ. ნინოს და კოსტავას ქუჩების შერჩეულ მონაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. პროექტით განსაზღვრულია ასევე შედარებით მოშორებით მდებარე ორი სახლის - ილია ჭავჭავაძისა და ე. წ. „აპრელოვის“ სახლების რეაბილიტაცია.
ძირითადად, ესაა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, უშუალოდ ცენტრალურ პარკის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით ღირებული, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე მე-19-20 სს. გამორჩეული არქიტექტურული ნიმუშები.
პროექტის მიზანს წარმოადგენს აღნიშნული შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-რეაბილიტაცია, მათი პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა. სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი ეხება შენობების ფასადების და გარეგანი იერსახის რეაბილიტაციას. თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, განსაზღვრულია ასევე ზოგიერთი შენობის ავარიული ნაწილების, მზიდი კონსტრუქციების გამაგრებითი ღონისძიებები, შესაბამისი სამუშაოების განხორციელებით ინტერიერშიც. პროექტი ითვალისწინებს არსებული ქანობიანი სახურავების სრულად რეაბილიტაციას. შეიცვლება დაზიანებული მზიდი კონსტრუქციები, შეფიცვრა, მოეწყობა მუქი რუხი ფერის ქარხნულად დაფერილი თუნუქის ფენილი. აგურის საფასადე კედლები გაიწმენდება, ნაკერები ამოივსება. აღდგება ყველა ხის აივანი თუ შუშაბანდი, შესაბამისი ხის ელემენტებით. აღნიშნული დეტალების ნაწილი რესტავრირდება, ნაწილი - არსებულის ანალოგიით აღდგება. მსგავსი მიდგომაა კარ-ფანჯრებთან მიმართებაში - შემორჩენილ ძველ კარ-ფანჯარას ჩაუტარდება სარესტავრაციო სამუშაოები, ხოლო იქ, სადაც ეს შეუძლებელია, განადგურებულია და აღარ არსებობს - აღდგება არსებულის ანალოგიით.
პროექტით გათვალისწინებულია ზემოთაღნიშნული ქუჩების კეთილმოწყობა. აღნიშნულ მონაკვეთებზე დაიგება ახალი ასფალტბეტონის საფარი. ტროტუარებზე მოეწყობა ბაზალტის ქვის ფილები, ბორდიურები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახლების სარდაფებში ჩასასვლელ კიბეებს, მოეწყობა ბეტონის სანიაღვრე არხები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება და რიგ შემთხვევებში შეიცვლება გვიანდელი უსახური ეზოს ღობეები, ჭიშკრები. ქუჩები განათდება.
სამუშაოების ხანგრძლივობა 18 თვეს მოიცავს.
„ჩვენთან სულ ახლახან იმყოფებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან. როგორც იცით, 40 სახლის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს და ამ ბენეფიციარებთან შედგა შეხვედრა. რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყება რეაბილიტაციის მეორე ნაწილი, ეს განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ უფრო ზუსტად გვეცოდინება“,-აცხადებს შალვა ინაშვილი.