ამერიკა მზადაა დამატებით 200 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე გადასახადი დააწესოს

აშშ-მ უკვე მოამზადა ჩინეთიდან იმპორტირებული პროდუქციის დამატებითი სია, რომელზეც გადასახადს გაზრდის.

საუბარია 200 მილიარდის ოდენობის პროდუქციაზე, რომლებზეც 10%-იანი გადასახადის დაწესება იგეგმება. ამის შესახებ ამერიკის წარმომადგენელმა რობერტ ლაიტჰაიზერმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ამ გზით წავიდეს, ვინაიდან ჩინეთს არ სურს შეცვალოს არსებული სავაჭრო პოლიტიკა. „ეს არის საკადრისი პასუხი, რომელიც თანხვედრაშია კანონმდებლობასთან, რომელიც მოწოდებულია შეამციროს ამერიკაზე ზიანის მიყენება ჩინეთის სავაჭრო პოლიტიკით“ - განაცხადა მან.

ლეიტჰაიზერმა მედიის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ პარასკევს ამოქმედდა 25%-იანი გადასახადი 34 მილიარდი დოლარის ოდენობის პროდუქციაზე, ხოლო დანარჩენი 16 მილიარდის ამოქმედება 284 დასახელების პროდუქციაზე მალე იგეგმება. მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ჩინეთმა ზუსტად ანალოგიურად უპასუხა ამერიკის ამ გადაწყვეტილებას.

„ჩინეთის საპასუხო პოლიტიკაზე რეაგირების მიზნით დონალდ ტრამპმა მისცა განკარგულება აპარატს, დამატებით 10%-ის ოდენობით გაზარდონ ჩინეთიდან იმპორტირებული საქონელი, რომლის მოცულობაც 200 მილიარდი დოლარია“, - დასძინა ლეიტჰაიზერმა.

მისი განცხადებით, პროდუქციის ჩამონათვალი მოგვიანებით გახდება ცნობილი, ხოლო მათი ამოქმედება 2 თვეში იგეგმება.

კოკა კვირკველია