კომპანია Tesla-მ ხელი მოაწერა შანხაიში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას - ამის შესახებ ჩინური მედია წერს.
მათი ინფორმაციით, ქალაქის ადმინისტრაციასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმებით, Tesla მთლიანად თავად დაფარავს მშენებლობის ხარჯებს, ხოლო ქარხანა შეძლებს წელიწადში 500 ათასი ავტომობილის წარმოებას. რა მოცულობის ინვესტიციაზეა საუბარი, გამოცემა ამაზე არაფერს წერს, თუმცა სავარაუდოდ, ეს იქნება ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიცია შანხაისთვის უცხოური კომპანიის მხრიდან.
ცნობისათვის, კომპანიას შანხაი შემთხვევით არ შეურჩევია ქარხნის ასაშენებლად, ვინაიდან სწორედ ეს ქალაქი არის ჩინეთში პირველ ადგილზე ელექტრომობილების რაოდენობით. 2017 წლის ბოლოსთვის ამ მეგაპოლისში 165 ათასი ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული. აქ ქარხნის მშენებლობა კი კომპანიას საშუალებას მისცემს, გაზარდოს გაყიდვები სწრაფად მზარდ ბაზარზე და გვერდი აუაროს მაღალ გადასახადებს, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში იმპორტირებულ ავტომობილებზე. გასულ წელს კომპანიამ ჩინეთში 14,7 ათასი Tesla-ს ავტომობილი გაყიდა, ამ დღეებში კი იძულებული გახდა მის პროდუქციაზე ფასები 70%-ით გაეზარდა ჩინეთის მხრიდან ამერიკის საპასუხოდ დაწესებული გადასახადების გამო.
დღეისათვის Tesla-ს ავტომობილების ერთადერთი საწარმო კალიფორნიაში მდებარეობს, სადაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 88 ათასი ავტომობილის წარმოება მოხდა. კომპანიის გეგმებშია ასევე მეორე საწარმოს მშენებლობა ევროპაში.
კოკა კვირკველია