ნიტრატმზომი აპარატებით გასინჯვის შემთხვევაში საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე ზუსტი პასუხიდან ცდომილება 30%–მდეა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაძემ განაცხადა.მიქაძე დაინტერესდა, თუ ვის მიერ ჩატარდა კვლევა საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობის შესახებ.
„საქმის კურსში არ ვარ, რა კვლევაზეა საუბარი. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მეთოდიკითაა გაკეთებული - საზამთროსა და ნესვის ნიმუშების კვლევები აკრედიტებულ ლაბორატორიებშია ჩატარებული, თუ უბრალოდ ნიტრატმზომი აპარატებით? ჩვენ სახელმწიფო ორგანიზაცია ვართ და ვაცხადებთ ტენდერებს. ტენდერების საფუძველზე ვირჩევთ აკრედიტებულ ლაბორატორიებს. რაც შეეხება საზამთროში, ნესვსა თუ ხილში ნიტრატების შემცველობას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა. წლის განმავლობაში 60-მდე ნიმუში უნდა ავიღოთ. აგრარულ ბაზრებში 20-მდე ნიმუში უკვე აღებულია. დარღვევა ჯერჯერობით ნიტრატების ნაწილში არ გვაქვს. ნიმუშებს ჩვენ ვიკვლევთ აკრედიტებულ ლაბორატორიებში. ეს არის დადასტურების მეთოდიკა, ანუ ეს ზუსტი მეთოდიკაა. თუ საზამთროში ნიტრატი აპარატითაა გაზომილი, რა თქმა უნდა, მას ძალიან დიდი ცდომილება აქვს. კერძოდ, ზუსტი პასუხიდან ცდომილება 30%-მდე აქვს“, – განაცხადა მიქაძემ.
ამასთან, მიქაძემ აღნიშნა, რომ ნიტრატი არამდგრადი ფორმაა და რამდენიმე დღის გაჩერების შემდეგ ხილსა და ბოსტნეულში ის იშლება.
შეგახსენებთ, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში“ შემავალი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა 3-4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას.