სათამაშო ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სექტორის წლიური ბრუნვა, შემოსავლები და ხარჯები არსებული სტატისტიკური მონაცემებისგან სრულიად განსხვავებულია. ზურა ბერუაშვილის განმარტებით, ხდება ციფრებით არასწორად აპელირება.
„საუბრობენ მილიარდებზე, რაც რეალური მონაცემებისგან ბევრად განსხვავდება. ინდუსტრიის შემოსავალი 10-15-ჯერ ნაკლებია იმ ციფრებზე, რასაც ჩვენი ოპონენტები ასახელებენ“, - აღნიშნა ბერუაშვილმა.
მისივე განმარტებით, სტატისტიკური მონაცემების წარმოება მეტნაკლებად მოძველებული მეთოდოლოგიით ხორციელდება.
„არსებობს ინფორმაცია, რომ სათამაშო ბიზნესის შემოსავალი და ბრუნვა თითქოს 6 მილიარდამდეა. რეალურად კი ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, ეს ერთობლივი შემოსავალი 700 მილიონიდან 800 მილიონამდე მერყეობს. მაგრამ ამას უნდა გამოაკლდეს შესაბამისი ხარჯები, რაც ამ ბიზნესისთვის ძალიან მაღალია. გასულ წელს სათამაშო ბიზნესმა გადასახადების სახით დაახლოებით 350 მილიონი ლარი გადაიხადა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის სრული ციფრი. იმდენად რამდენადაც, ბიზნესში არსებობენ არალიცენზირებული კომპანიებიც და საერთო ჯამში ჩვენი წარმოდგენით, საგადასახადო ტვირთი სათამაშო ბიზნესისთვის წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდამდე მერყეობს,“-აღნიშნა ზურა ბერუაშვილმა.
მისი განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველოს სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია ტექნოლოგიურად განვითარდა, სტატისტიკის წარმოება მოძველებული მეთოდოლოგიით ხდება, რაც ბიზნესის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას უშლის ხელს. ამიტომაც სათამაშო ბიზნესასოციაციამ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან გააფორმა მემორანდუმი. მხარეები ამბობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სათამაშო ბიზნესის შემოსავლებისა და ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ სწორი აზრის შექმნას.
რაც შეეხება ზოგადად აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვას, საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, 2017 წელს მან 5,649 მილიარდი ლარი შეადგინა.
ქრისტინე გამთენაძე