ბიტკოინის ფასი ბოლო ოთხი დღის მინიმალურ მაჩვენებელზე ჩამოვიდა. მიზეზი კი ისევ ისაა, რომ ჰაკერებმა სავაჭრო პლატფორმა, ახლა უკვე ებრაული, გატეხეს. ამ მომენტისთვის, პლატფორმა „ბიტფაინქსზე“ ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა 6 349 დოლარი ღირს.
მას შემდეგ, რაც დეკემბერში მაქსიმალურ ფასს (20 000 დოლარი) მიაღწია, მიზეზთა წყების გამო, ბიტკოინი და მთლინად ციფრული ვალუტების ბაზარი კლებაშია. ბიტკოინის ფასს პიკის შემდეგ თითქმის 70 პროცენტი მოაკლდა და ჯერჯერობით კვლავაც კორექციული კლების ფარგლებშია.
ჰაკერებმა ამჯერად ისრაელში მომუშავე პლატფორმა „ბანკორს“ შეუტიეს, რომლის საფულეებიდანაც ჯამში 13.5 მილიონი დოლარის ციფრული ვალუტები გაიტანეს. ეს ბევრი არაა, მაგრამ ბაზარზე ძარცვის ფაქტი ნეგატიურად აისახა. ჰაკერებმა პლატფორმის კორპორატიული საფულე გაძარცვეს, რომელიც სმარტ-კონტრაქტების გასაახლებლად გამოიყენებოდა. საერთო ჯამში გატანილია 12.5 მილიონ დოლარის ღირებულების ეთერიუმი და 1 მილიონის ღირებულების ნაკლებად ცნობილი ვალუტა „პუნდი X“. „ბანკორმა“ გამოაცხადა, რომ ჰაკერები კომპანიის კლიენტთა საფულეებს არ შეხებიან.
ჰაკერების მიერ სავაჭრო პლატფორმების გატეხვის სიხშირე მოწმობს, რომ ამ ონლაინ-პლატფორმებს უსაფრთხოების მხრივ პრობლემები აქვთ. სხვადასხვა მთავრობათა რეკომენდაციები სწორედ უსაფრთხოების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
ბიტკოინის მსგავსად, ფასი ეთერიუმსაც დააკლდა, რომელიც ამჟამად 430 დოლარი ღირს. რიპლის ფასი 0.44 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ლაიტკოინი კი 75 დოლარამდე გაუფასურდა. 273-დან 253 მილიარდ დოლარამდე შემცირდა ციფრული ვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია.