"ნატურალური რძე და მისგან დამზადებული რძის პროდუქტები დღგ-ისგან გათავისუფლება"

ნატურალური რძე და მისგან დამზადებული რძის პროდუქტები დღგ-ისგან გათავისუფლდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ინიციატივა, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ, შეეხება ნატურალური რძის წარმოების ხელშეწყობას ქვეყანაში. ეს ცვლილება იქნება დიდი შეღავათი სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ ინიციატივის შედეგად, ნატურალურ რძეზე ფასი გაიზრდება.

ჩვენი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ დღგ-ისგან გათავისუფლდება არა მხოლოდ თვითონ ნატურალური რძე, არამედ ყველა რძის პროდუქტი, რომელიც დამზადებული იქნება ნატურალური რძისგან. ამ მხრივ, მოხდება მოსახლეობის ამ ჯგუფის დამატებითი ჩართულობა რეალურ ეკონომიკაში. მწარმოებლები შეძლებენ რძის ფხვნილის ჩანაცვლებას ნატურალური რძით და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ წვდომა ჯანმრთელ პროდუქტზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.