ვინ არიან და რა გამოცდილება აქვთ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.

ივანე მაჭავარიანს ბოლო წლების განმავლობაში კომპანია „ჯეოსელის” კომერციული დირექტორის პოსტი ეკავა. 1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე კორპორატიული ფინანსების განხრით.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 1997 წლიდან მუშაობდა "თელია სონერას" ჯგუფში შემავალ კომპანია „ჯეოსელში". სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მისი კარიერა სუპერვაიზორის თანამდებობაზე დაიწყო და 2001 წლიდან იყო ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი. 2013 წლიდან იკავებდა კომერციული დირექტორის თანამდებობდას. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის კანდიდატს, გიორგი ქობულიას, ის თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის და შემდგომ ამერიკული ემორის კურსდამთავრებულია. ქობულია 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზის“ (McKinsey) გუნდის წევრია და დღეს უფროსი პარტნიორის რანგშია McKinsey-ის მოსკოვის ოფისში, სადაც საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიას უწევს კონსულტირებას: ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, მეტალურგიული სექტორის და ასევე წიაღისეულის მომპოვებელ-გადამმუშავებელ კომპანიებს, რაც მოიცავს მათ ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას, სტრატეგიის შემუშავებას, შესყიდვების მწყობრი სისტემის დანერგვას და მრავალ სხვა მიმართულებას.