ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ივანე მაჭავარიანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მაჭავარიანი წლების განმავლობაში კომპანია „ჯეოსელის“ ფინანსური და კომერციული დირექტორი იყო. მისივე თქმით, მთავრობის რეფორმების დიდი ნაწილი ციფრულ ეკონომიკასთან არის დაკავშირებული და ივანე მაჭავარიანის გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით არის თვალსაჩინო.
„ის წლების განმავლობაში მუშაობდა „თელიასონერას“ ჯგუფში შემავალ კომპანია „ჯეოსელში“. ის ამ კომპანიაში წლების განმავლობაში გახლდათ ფინანსური და კომერციული დირექტორი. ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან და იმ რეფორმათა პაკეტის 50%, რომელიც მე წარვადგინე, საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დარეგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება ამ კუთხით არის მართლაც თვალსაჩინო. ის გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ის მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით 1%-დან 1.5%-მდე ზრდა უნდა უზრუნველყოს სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ. შესაბამისად, ეს გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.