მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულიას აქვს დიდი გამოცდილება, მათ შორის ენერგეტიკაში, სხვადასხვა სექტორის ინტეგრაციის კუთხით გლობალურ ეკონომიკაში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულია წარადგინა.

როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქობულიას გლობალური ეკონომიკის განვითარების მიმართულებით გამოცდილება აქვს, ასევე გამოცდილება გააჩნია ენერგეტიკის სფეროშიც.

„ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი ქობულია. ის ორი ათწლეულია მუშაობს გლობალურ საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზში“. ის გახლავთ სენიორ პარტნერი ამ ორგანიზაციის. „მაქკინზის“ სახელთან ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექონოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის ძალიან დიდი ნაწილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ბევრ სექტორში, როგორიც არის ენერგეტიკა, როგორიც არის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, რომელიც შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში“, - განაცხადა ბახტაძემ.