საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 9 ივლისის ბრძანებით დამტკიცდა "ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის".სებ-ის ინფორმაციით, კოდექსის მიზანია საბანკო სექტორში ეთიკისა და საბანკო პროფესიის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სექტორისა და ბანკირის პროფესიის მიმართ საზოგადოების, მათ შორის, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.
კოდექსით განსაზღვრული პრინციპები და სტანდარტები სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების ჩარჩოს დაეფუძნა, რომელიც საფინანსო ბაზარზე საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული სახელმძღვანელო სტანდარტია. კოდექსით განსაზღვრულია ეთიკის ის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის სტანდარტები, რომლებსაც კოდექსის მოქმედების სფეროში ჩართული პირები პროფესიული საქმიანობისას უნდა იცავდნენ.
„ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული კოდექსის პროექტი ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში გამოაქვეყნა ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების გამჟღავნების ინიციატივის ფარგლებში. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეებს კოდექსის დამტკიცებამდე საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ კოდექსის პროექტს და მასთან დაკავშირებული მოსაზრებები და კომენტარები მიეწოდებინათ ეროვნული ბანკისთვის. ამავე ბმულზე განთავსდება ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული შეკითხვებისა და პასუხების დოკუმენტი წინამდებარე კოდექსის სამუშაო ვერსიაზე მიღებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი მომავალშიც დაექვემდებარება განახლებას კოდექსის ჩარჩოსთან დაკავშირებით დამატებითი ინტერპრეტაციებისა და დაზუსტებების გაკეთების საჭიროების შემთხვევაში“, - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.