შიდა ფრენებზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადება არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა. ტენდერში წინადადებების მიღება 9 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდა.

საქმე ეხება მომავალი 4 წლის განმავლობაში შიდა ავიარეისების სუბსიდირებას, რაზეც უწყება 49,67 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ტენდერის შედეგად კი უნდა შერჩეულიყო ის კომპანია, რომელიც უწყების მიერ განსაზღვრულ მიმართულებებზე, მის მიერვე დადგენილი გრაფიკითა და პირობებით მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანას მოემსახურებოდა.

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას უნდა უზრუნველყო მგზავრთა გადაყვანა ერთი არანაკლებ 15-ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30-ადგილიანი საჰაერო ხომალდით. სულ კი 4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით 2248 რეისი, საშუალო ზომის საჰაერო ხომალდით კი 2487 რეისი უნდა შეასრულოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეისები უნდა შესრულებულიყო მესტია - ქუთაისი - მესტია; ნატახტარი-მესტია-ნატახტარი; ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი და თბილისი-ბათუმი -თბილისის მიმართულებით. ავიაბილეთების რეალიზაცია კი შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ფასით უნდა განხორციელებულიყო.

აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე შიდა რეისებს ასრულებს ავიაკომპანია „აკ -ეარ ჯორჯია“. მანამდე შიდა ფრენებს რამდენიმე კომპანია ახორციელებდა.