საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარკვეულ ნაწილზე, ზაფხულში ფასები დაახლოებით, 20-30%-ით იზრდება.ამ ტექნიკის ძირითად ჩამონათვალშია: ვენტილატორი, ეპილატორი, აეროგრილი, ბლენდერი, წვენსაწური, ჩირის აპარატი და ჩოპერი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზაფხულში ფასები გასაბერ აუზებსა და საცურაო აქსესუარებზეც მსგავსი პროცენტულობით იზრდება.
როგორც LILOSHOP.GE-ს პროდუქციის მენეჯერმა დავით ბაღაშვილმა აღნიშნა, იმის გამო, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკა ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით მოთხოვნადია, ონლაინ თუ სხვა ტიპის ტექნიკის მაღაზიები მათზე ფასს ხელოვნურად ზრდიან ან შესაძლოა, საქონლის შესყიდვის ღირებულება თავადაც უძვირდებათ, რის გამოც პროდუქციაზე ფასის მატება უწევთ.
„მომხმარებლებს ვურჩევთ, რომ სეზონური ტექნიკის შეძენისას მაქსიმალურად ბევრი მაღაზიის არჩევანსა და ფასებს გადახედონ, რათა პროდუქციის შეძენისას ზედმეტი თანხის გაღება არ მოუწიოთ. ასევე კრიტიკულად შეხედეთ სეზონურ პროდუქტზე შემოთავაზებულ ფასდაკლებებსაც, რათა დარწმუნდეთ, არის თუ არა ეს რეალური ფასდაკლება,“-აღნიშნავს ბაღაშვილი.