იტალიურმა პროფკავშირმა USB-იმ განაცხადა, რომ ავტოკონცერნ Fiat-ის თანამშრომლები მელფის კომუნაში ორდღიან გაფიცვას აცხადებენ.გაფიცვის მიზეზი იტალიურ საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსში“ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს გადასვლაა.
მათი თქმით, ძალიან ცუდია, როცა კომპანია Exor-ი, რომელსაც ეკუთვნის Fiat Chrysler Automobiles-ი, ეკონომიკაში „რთულ დროზე“ საუბრობს, ამ დროს რონალდუს შესყიდვაში გადასახდელი 100 მილიონი ევროდან ნაწილს თავად გადაიხდის.
„ეს მიუღებელია: სანამ FCA და CNH Industrial-ის თანამშრომლები ეკონომიკურ მსხვერპლზე მიდიან, კომპანია ხარჯავს მილიონობით ევროს ფეხბურთელის შეძენაში. ჩვენ გვეუბნებიან, რომ რთული დღეები გვიდგას, რომ უნდა გამოვიყენოთ სოციალური დაცვის სახსრები და ველოდოთ ახალი მოდელების გამოშვებას, რომელიც არასდროს არ დაიწყება. და იმ დროს, როცა როგორც მუშები და ასევე მათი ოჯახები სულ უფრო მეტად იჭერენ ქამრებს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, გადაიხადოს ამდენი მილიონი ერთ ადამიანში“ - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს „რეალიდან“ „იუვენტუსში“ გადასვლის შესახებ 10 ივლისს ოფიციალურად გახდა ცნობილი. კონტრაქტი ოთხწლიანია და იტალიური კლუბი მადრიდულს ამ შენაძენში 100 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო თავად ფეხბურთელი სეზონზე 30 მილიონს მიიღებს.
კოკა კვირკველია