დონალდ ტრამპის მუქარას, დამატებით 200 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე მაღალი ტარიფების შემოღების თაობაზე, ჩინეთი ადეკვატურ პასუხს ვერ გასცემს, თუმცა შეერთებული შტატებისთვის სხვაგვარი პასუხის გაცემას ეცდება. ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ ჩინეთში სულ 130 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული პროდუქცია შედის.
შედარებისთვის, ამერიკაში იმპორტით სულ 505 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციას ღებულობს (შარშანდელი მონაცემით). ასე რომ, ტრამპის ადმინისტრაციას ჩინელთა საპასუხო ქმედების შემდეგაც, ზეწოლისთვის საკმაოდ ძლიერი ბერკეტი რჩება.
ჩინეთის ერთი საპასუხო რეაქცია შეიძლება იყოს ტარიფების 25 პროცენტამდე აწევა. თუმცა ამაზე აშშ იმავეთი უპასუხებს და ამიტომ ნაკლებად ქმედითი იქნება. მეორე ვარიანტია ჩინურ ბაზარზე მომუშავე ამერიკულ კომპანიებზე რეგულაციების გამკაცრება. მესამე, ასევე ქმედითი ნაბიჯი შეიძლება იყოს მოსახლეობისთვის ამერიკულ პროდუქციაზე ბოიკოტისკენ მოწოდება. საჭიროების შემთხვევაში, ჩინეთს ეს კარგად გამოსდის, რაც არცთუ დიდი ხნის წინათ, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან მიმართებით გამოვლინდა.
მაგალითად, სუპერმარკეტების ქსელ „უოლმარტს“ და ავტომწარმოებელ „ჯენერალ მოტორსს“, ჩინეთთან დაკავშირებით, გაფართოების დიდი გეგმები აქვთ. მაგრამ შექმნილ სიტუაციაში, ჩინეთის მთავრობას მათთვის ხელის შეშლა, ანტი პროპაგანდით (რაც კარგად ეხერხება) შეუძლია.
მაგალითად: აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში არსებულ კუნძულებთან დაკავშირებით არსებული დავის გამო, 2012 წელს ჩინელმა მომხმარებლებმა იაპონურ ავტომობილებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ამან ჩინურ ბაზარზე მომუშავე უკლებლივ ყველა იაპონური კომპანია და მათი ჩინელი პარტნიორებიც კი დააზარალა.
2017 წელს ურთიერთობა ჩინეთსა და სამხრეთ კორეას შორის, სარაკეტო ფართან დაკავშირებით გაუარესდა. ჩინეთის მთავრობამ სამხრეთ კორეაში პაკეტური ტურები აკრძალა, რამაც სამხრეთ კორეის ტურისტული ბიზნესი დააზარალა.
კიდევ ერთი ფაქტორი ვალუტაა. ჩინეთმა ბოლო დროს თავისი სავაჭრო პარტნიორები გაახარა იმით, რომ თავისი ვალუტა - იუანი გაამყარა. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მისი დასუსტებაც შეუძლია, რაც იმპორტს დააზარალებს. სხვათა შორის, ივნისში იუანი აზიურ ვალუტებს შორის ყველაზე არამყარი იყო - ის 3 პროცენტით გაუფასურდა.
დაბოლოს, ჩინეთს სავალუტო ბაზარზე „ბირთვული ოპციის“ გამოყენება შეუძლია - ის კოლოსალური რაოდენობით ამერიკულ ფასიან ქაღალდებს ფლობს, რომელთა ბაზარზე გამოტანაც მათ გააუფასურებს. თუმცა ამით ყველაზე მეტად თავად ჩინეთი დაზარალდება.
ამიტომ საუკეთესო გამოსავალი, კომპრომისის მიღწევაა.