როგორც „ბიზნესპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ამჟამად ევროპაში იმყოფება.
ევროპაში მისი ვიზიტის მიზანია, რამდენიმე მსხვილ, პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკება და შემოყვანა ისეთი დარგებში, როგორიც არის განახლებადი ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი და დეველოპმენტი.
ყველა ეს მიმართულება საინტერესოა ინვესტიციებისთვის, რასაც ბოლო სტატისტიკა მოწმობს. ამ დარგებში ინვესტიციების მოცულობა ბოლო წლებში ზრდის ტენდენციით გამოირჩევა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მთლიანად ენერგეტიკაში 2018 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 31,6%-ით 6,614 მლნ დოლარიდან 8,709 მლნ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება წლიურ ჭრილში ინვესტიციების ზრდას, 2017 წელს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 2016 წელთან შედარებით თითქმის 70%-ით მოიმატა. კერძოდ, 2016 წელს სექტორში 117,1 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, 2017 წელს კი 188,5 მლნ დოლარის.
ამასთან, „საქსტატის“ ოფიციალური სტატისტიკით გაიზარდა მშენებლობის სექტორში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციებიც. კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 69 მლნ დოლარი შეადგინა. მაშინ, როცა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი იყო 54,4 მლნ დოლარი.
რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, 2017 წელს მშენებლობის სექტორში 294,5 მლნ დოლარის; 2016 წელს კი - 137,6 მლნ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. აქ ზრდამ 114% შეადგინა.
დაახლოებით 37%-ით გაიზარდა უცხოური ინვესტიციების მოცულობა სასტუმროებისა და რესტორნების დარგშიც. კერძოდ, 2018 წლის 1 -ელ კვარტალში ამ სექტორში 21,9 მლნ დოლარის; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 16 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. წლიურ მონაცემებს რაც შეეხება, 2017 წელს წინა წელთან შედარებით, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 33 მლნ დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2017 წლის მონაცემებით, სექტორში 89,9 მლნ დოლარის; 2016 წელს კი - 56,9 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.