გიორგი ქობულიას შეფასებით, 2-3 წლის განმავლობაში ეკონომიკის მიმართულებით არსებული შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას შეფასებით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ეკონომიკის მიმართულებით არსებული შედეგები „საკმაოდ შთამბეჭდავია“.ამის შესახებ ქობულიამ ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

„საგრძნობლად მომატებულია მუშახელი და დასაქმება. რეკორდული ციფრები გვაქვს პირდაპირ ინვესტიციებთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხობრივი მაჩვენებლები. რეიტინგების მიხედვით ვითვლებით ერთ-ერთ მოწინავე რეფორმატორ ქვეყანად. არის მთელი რიგი რეიტინგები, რომელიც მოემატა საქართველოს. მე მეამაყება ეს სიტუაცია, რომელიც დღეს არის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, ეს შედეგები ნაწილობრივ გარეგანი ფაქტორებით არის განპირობებული, თუმცა დიდი წვლილი მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს მიუძღვის.