„თბილისის სტარტაპ-ბიურო“ - ეს ამჟამად სამი სხვადასხვა პროექტის ერთობლიობაა, რომელიც აუდიტორიას საშუალებას აძლევს, გაეცნონ წარმატებული სპიკერების წარუმატებელ ბიზნესს და საქმიან ისტორიებს, მოისმინონ იმპროვიზაციით წარმოდგენილი პრეზენტაციები და შემოქმედებითი პროფესიონალების საინტერესო ისტორიები.რაც მთავარია, „სტარტაპ ბიუროს“ პროექტები სტარტაპებს და დამწყებ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და განსხვავებული ფორმატების ფარგლებში თავიანთი საქმიანობა და პროექტები უფრო წარმატებული გახადონ.
„თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ პირველი წარმატებული პროექტი Fuckup Nights Tbilisi აღმოჩნდა, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიას თავიანთი წარუმატებელი სტარტაპების შესახებ კომპანია Leavingstone-ის თანადამფუძნებელმა ვახო ვახტანგიშვილმა, Taxify Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბესო პაპიაშვილმა, ონლაინ-პლატფორმა AT.ge-ს დამფუძნებელმა ნინო დარასელმა, ჟურნალ Playboy Georgiaს ყოფილმა რედაქტორმა ნიკო ნერგაძემ გააცნეს, წარმატებული იყო შემდეგი სერიებიც, რომლებიც აპრილიდან მოყოლებული, თვეში ერთხელ ფაბრიკაში იმართება.
როგორც „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ თანადამფუძნებელი, გური ქოიავა განმარტავს, „სტარტაპ ბიუროს“ მიზანია, საქართველოში, კერძოდ, თბილისში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყოს ხელი და შესაბამისი პროექტები განახორციელოს, რისი წარმატებული მაგალითიც Fuckup Nights-ია, რომლის პირველი სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება 20 ივლისს, „ფაბრიკაში“ 19:00 საათზე გაიმართება.
კონკრეტულად, რას მოიცავს “თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ ღონისძიებები და როგორ ეხმარება ის დამწყებ ბიზნესმენებს, ამის შესახებ Allnews.ge კომპანიის დამფუძნებელს, გური ქოიავას ესაუბრა.
რომელი ღონისძიებით დაიწყო „თბილისის სტარტაპ-ბიურომ“ ოპერირება და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ის?
- ჩვენი პირველი წარმატებული ღონისძიება, რომელიც აუდიტორიამ აიტაცა, არის საერთაშორისო მოძრაობა Fuckup Nights,რომელიც 2012 წელს მექსიკაში დაიწყო, როდესაც ბარში შეკრებილმა მეგობრებმა მესკალის დალევის შემდეგ ერთმანეთს თავიანთი წარუმატებელი სტარტაპების შესახებ უამბეს. უახლოეს პერიოდში კი გადაწყვიტეს, რომ მათი ახალი სტარტაპი სწორედ ეს მოვლენა გამხდარიყო. საბოლოოდ, Fuckup Nights იმდენად პოპულარული გახდა, რომ დღეს უკვე მსოფლიოს 252 ქალაქსა და 80 ქვეყანაში იმართება.
Fuckup Nights-ის ყველა ღონისძიებაზე 3-4 სპიკერს ვეპატიჟებით და მათი სტარტაპების წარუმატებელ ისტორიებს ვისმენთ. ეს მოძრაობა საქართველოში 10 აპრილს დაიწყო და დამსწრე საზოგადოებამ უკვე 12 სპიკერის საინტერესო ისტორიები მოისმინა, შეკითხვების დასმისა და ახალი მეგობრებისა და პარტნიორების შეძენის საშუალებაც მიეცა.
ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ერთდროულად, რთულიც არის და მარტივიც, რადგან არ გვინდა, წარუმატებლობა წავახალისოთ, მაგრამ ასევე არ გვსურს შეიქმნას ისეთი განწყობა, რომელიც სტარტაპების წამოწყებას პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, არ გვსურს, ზოგიერთმა თავისი იდეა მხოლოდ იმიტომ არ განახორციელოს, რომ წარუმატებლობის შეეშინდეს.
ჩვენ გვინდა, რომ ერთი მხრივ წარუმატებლობა არ წავახალისოთ და მეორე მხრივ, თუნდაც სპიკერების მაგალითების მოსმენით გავაჩინოთ შესაძლებლობა, რომ საქმიანი ან ბიზნესს შეცდომის დაშვება არ არის ტრაგედია და ფატალური, ამით ყველაფერი არ მთავრდება, შეიძლება, პირიქით, ყველაფერი დაიწყოს.
რაც შეეხება თქვენს მეორე პროექტს, Power Point Karaoke-ს, რომელიც კვირის ყველაზე მძიმე დღეს, ორშაბათს, ბევრისთვის განტვირთვის საშუალებად იქცა, რას გულისხმობს ის და როგორ გაჩნდა მისი ჩვენს ქვეყანაში დანერგვის იდეა?
- რადგან Fuckup Nights ასეთი წარმატებული აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ, მეორე ღონისძიება დაგვეწყო - Power Point Karaoke, რომელსაც ასევე საინტერესო ისტორია აქვს. ყველაფერი 2006 წელს ბერლინში დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა ხელოვანი მოგზაური წყვილი ქალაქში საცხოვრებლად ჩავიდა და საქმიან ურთიერთობებზე ისეთი პრეზენტაციების მოსმენა მოუწია, რომელიც შემოქმედისთვის ცოტა მოსაწყენია. სწორედ ამიტომ პრეზენტაციების გახალისება მოინდომეს და მოიფიქრეს შემდეგი ფორმატის ღონისძიება: ორგანიზატორები სხვადასხვა თემაზე Power Point-ით ამზადებდნენ პრეზენტაციას, რომლის თემაც პრეზენტატორმა არ იცოდა. ღონისძიების დაწყებისას ნებისმიერი მსურველი იღებდა მიკროფონს, ირთვებოდა პრეზენტაცია, რომელიც მას იმ მომენტამდე ნანახი არ ჰქონდა და უწევდა საკითხის იმროვიზაციით წარმოჩენა.
Power Point Karaoke-ს ჩვენც სწორედ ამავე ფორმატით ვატარებთ. ღონისძიების შემდეგ კი აუდიტორიიდან პრეზენტატორისთვის სამი კითხვის დასმაა შესაძლებელი, შემაჯამებელი ნაწილი კი უკვე დაჯილდოვებაა, რომელშიც ჟიური მონაწილეობს და სპიკერებს აჯილდოვებს.
როგორც ვიცით, „თბილისის სტარტაპ-ბიურო“ მხოლოდ ორ ღონისძიებაზე გაჩერებას არ გეგმავს და ივლისში კიდევ ერთი ახალი პროექტის დაწყება იგეგმება, რით იქნება ის გამოჩეული?
- ჩვენი ახალი პროექტი არის PechaKucha, რომელიც ტოკიოდან მოდის და ორი წინამორბედი პროექტისგან განსხვავებული ისტორია აქვს. კერძოდ, ეს პროექტი უფრო ეხება ხელოვანებს - არქიტექტორებს, დიზაინერებს, მუსკოსებს, მომღერლებს, რომლებიც საინტერესო სივრცეებში იკრიბებიან და საუბრობენ საინტერესო თემებზე. მნიშვნელოვანი ასპექტი არის ისიც, რომ ღონისძიება პირველად „ფაბრიკის“ სახურავზე ზუსტად 20:20 საათზე ჩატარდება, სწორედ ისე, როგორც ტოკიოში, მზის ჩასვლის დროს იმართება ხოლმე და პრეზენტატორს ექნება 20 „სლაიდი“ და 20 წამი, რომლითაც თავისი სათქმელი უნდა წარმოაჩინოს.გარდა უცხოური წარმატებული პროექტებისა, თუ გეგმავთ, რომ ქართული მოძრაობაც შექმნათ, რომელიც ასეთივე პოპულარობას მოიპოვებს?
- ჩვენ უკვე ვფიქრობთ ქართულ ფორმატზე. გვინდა, რომ ახალი პროექტით, როცა ის დასრლდება, ქართული ბრენდის და კულტურული კომპონენტის მქონე ფორმატი გავიტანოთ მთელს მსოფლიოში და გლობალურ მოძრაობათ ვაქციოთ.
ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მისი ლიცენზირება საქართველოდან მოხდება, ანუ შესაძლებელი იქნება, ეს ღონისძიება ბერლინში, ტოკიოში და სხვა ქალაქებშიც წაიღონ. ჩვენი სურვილი და ოცნებაა, რომ გვქონდეს ქართული მოძრაობა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში გლობალური ღონისძიების სახეს შეიძენს. გარდა ამისა, „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ ამოცანაა, რომ სტარტაპებისთვისა და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის სხვადასხვა ტიპის ჰაკათონები გააკეთოს, ჩართული თბილისის სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობაში.