ბრწყინვალე კარიერა, ძლევამოსილი ბიზნესი, რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის ქონება და უმთავრესი, წარმატებული პოლიტიკური კარიერა.
ეს ერთი ადამიანის მონაგარია და ის მაიკლ ბლუმბერგია − ადამიანი, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებისთვის დაიბადა.
2017 წლის თებერვლის მონაცემით, Bloomberg LP-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 75 წლის მაიკლ ბლუმბერგი 46,5 მილიარდი ამერიკული დოლარის ქონებით მსოფლიოს 2016 წლის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მე-8 ადგილს იკავებს, მსოფლიოს უდიდესი ძალაუფლების მქონე ადამიანთა შორის კი 55-ე ადგილზეა.
მას ნიუ-იორკის საკანონმდებლო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიუ-იორკის მერის პოსტზე კენჭისყრის შესაძლებლობა ზედიზედ სამჯერ მიეცა. ნიუიორკელებმა ის განსაკუთრებულად შეიყვარეს და იქნებ მილიარდერი ყველაზე დიდ მონაპოვრად სწორედ ამ სიყვარულს მიიჩნევს?
მაიკლ ბლუმბერგი ბოსტონში 1942 წლის 14 თებერვალს დაიბადა. ოჯახს მცირე შემოსავალი ჰქონდა - მამა ბუღალტრად მუშაობდა, დედა კი მდივნად. სწავლის საფასურის გადასახდელად მაიკლს ავტოგასამართ სადგურზე უწევდა მუშაობა. 1964 წელს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი დაამთავრა და ელექტროინჟინერიის დარგში ბაკალავრის წოდება მიიღო. 2 წლის შემდეგ კი ბლუმბერგი ჰარვარდის კურსდამთავრებული გახდა და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის წოდება მიიღო. შემდეგ იყო Salomon Brothers & Hutzler-ი.
„Salomon Brothers & Hutzler-ში გასაუბრების მოლოდინში მოსაცდელში მაიკლ ბლუმბერგს ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ბილი გამოელაპარაკა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ყმაწვილი უილიამ სალომონი - ფირმის მმართველი პარტნიორი და სამი დამფუძნებლიდან ერთ-ერთის ვაჟი იყო. როდესაც ბლუმბერგი ორ ფირმას შორის არჩევანის წინაშე დადგა, Goldman Sachs -მა მას მეტი ანაზღაურება შესთავაზა, ვიდრე Salomon -მა. მაიკლმა გადაწყვიტა, რომ პოტენციურ უფროსთან შინაურული ურთიერთობა და „შენობით“ ლაპარაკი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ, საბოლოოდ, მაინც Salomon Brothers & Hutzler-ი აირჩია და ასე გაატარა პირველი ზაფხული „სამუშაო გალიაში“, სადაც ფასიან ქაღალდებს ჯერ კიდევ ხელით ითვლიდნენ, რადგან იმხანად საბუღალტრო და საფინანსო საქმეებში კომპიუტერს ყველგან ვერ მოიხმარდნენ. ბლუმბერგი მშვენივრად მოერგო Salomon Brothers & Hutzler-ის სტრუქტურას და მთელი გულით შეიყვარა სამსახური. იმხანად მისი ხელფასი 9 ათას დოლარი იყო.
კომპანიაში მისვლიდან 6 წლის თავზე მაიკლ ბლუმბერგის საქმე დაიძრა და ქერათმიანი ყმაწვილი უოლტ-სტრიტის ერთ-ერთი საუკეთესო ფირმის აქციონერთა განყოფილების სუპერვარსკვლავი და ორივე მმართველის რჩეული გახდა. კომპანიის ყველაზე სასურველ და მნიშვნელოვან კლიენტებს სწორედ მაიკლი ხვდებოდა, წამყვანი გაზეთებიც მისგან იღებდნენ ინტერვიუებს, ისიც მთლიანად გადაეშვა მაღალი საზოგადოების ცხოვრების მორევში და ასე, უნებლიეთ იქცა „ლეგენდად“.
Salomon -ში მაიკლ ბლუმბერგმა 15 წელიწადი იმუშავა, აქედან 9 წელი კომპანიის გენერალურ პარტნიორად. ამ ხნის განმავლობაში ერთ დღესაც არ დაზარებია სამსახურში მისვლა, მაშინაც კი, როცა იცოდა, წინ მძიმე დღე ელოდა; გარდა იმისა, რომ იქ მუშაობის პერიოდში ზღაპრული თანხები გამოიმუშავა, ავტორიტეტი და აღიარებაც მოიპოვა. გამომუშავებული თანხაც რომ არ ყოფილიყო, თუნდაც მხოლოდ იქ დაგროვილმა ცოდნამ ბლუმბერგს საკუთარი კომპანიის დასაარსებლად შესანიშნავი ბაზა შეუქმნა.
როგორია მისი წარმატების ფორმულა და რა გზა გამოიარა მაიკლ ბლუმბერგმა? ამის შესახებ იხ. წიგნი, წაიკითხეთ: წიგნი.