მას შემდეგ, რაც სასტუმრო „ველმონდს“ (ყოფილ „ლეოგრანდს“)უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, ექსპლუატაცია შეუჩერდა, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პრობლემა საქართველოში მოქმედ კიდევ ბევრ სასტუმროს აქვს.
როგორც სასტუმრობისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, 2014 წლამდე აშენებული სასტუმროების (არაბრენდულის) 60%-ს უსაფრთხოების ნორმები დარღვეული აქვს.
მისი თქმით, ეს განაპირობა იმან, რომ იმ დროს ქვეყანაში ზოგადად სამშენებლო რეგულაციები არ არსებობდა, შესაბამისად, მეპატრონეებმა არც ის იცოდნენ როგორ აეშენებინათ სწორად. ხოლო მოგვიანებით აშენებულ სასტუმროებს არასწორი დაგეგმარების შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვა არ მიეცემოდათ.
„რა თქმა უნდა, ამ სექტორში პრობლემები არის, რომელიც გამოსასწორებელია. შედარებით ძველი სასტუმროების აშენების დროს, ქვეყანას არ ჰქონდა სტანდარტები და მათ ვერავინ მოსთხოვდა ამის შესრულებას. არც ამ სასტუმროების მფლობელებმა იცოდენენ როგორ აეშენებინათ სწორად. შესაბამისად, რადგან მანამდე ეს სტანდარტები არ არსებოდა, ახლა სახელმწიფოს შეუძლია შემოწმება ჩაატროს და გასცეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გამოსწორდეს. ხოლო მას შემდეგ, რაც 41-ე დადგენილება შემოვიდა ძალაში, არასწორი დაგეგმარების შემთხვევაში, უკვე აღარც გაიცემა მშენებლობის ნებართვა. ანუ, ახლა ვართ გარდამავალ ეტაპზე და რომ გითხრათ, ამაში ვინმე დამნაშავეა-მეთქი, არავინ“,-აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.
ალავერდაშვილი იმ სასტუმროების ჩამონათვალს, სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, არ ასაჯაროებს. თუმცა აცხადებს, რომ 2014 წლამდე აშენებული არაბრენდული სასტუმრების 60%-ის შემთხვევაში სტანდარტები დარღვეულია.
„2014 წლამდე აშენებული ბაზარზე არსებული სასტუმროების (არაბრენდულის ) 60% ასეთია. თუმცა, ყველას შემთხვევაში შემოწმებაა საჭირო, უნდა მიეცეს რეკომედაცია და დრო, პრობლემის გამოსასწორებლად.
ეს ისეთი საკითხია, სახელმწიფომ რომ ვინმეს რამე მოსთხოვოს, მაშინ თვითონ უნდა ჰქონოდა რეგულაციები, მაგრამ როდესაც თავად არ ჰქონდა, ვერაფერს მოითხოვს, გარდა გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა. შეიძლება შენობის რაღაც პარამეტრები შეიცვალოს, მაგალითად, ცეცხლის დეტექტორები, ისეთი მარტივი რაღაცეები, რაც დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს, მაგრამ რაც ფუნდამენტურ გადაკეთებას გულსიხმობს, ამაზე არ ვიცი როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება. წარმოიდგინეთ, 10 წლის წინ ააშენეთ სასტუმრო, რომელიც მაშინდელ ნორმებს შეესაბამებოდა, მაგრამ დღეს მოდის ვიღაც და გეუბნება - გამარჯობა, შენ დარღვევები გაქვს და შენობა შეცვალე, ცოტა რთული საკითხია“,-აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.