საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით, ევროკავშირის ტვინინგის (TWINNING) პროექტისადმი მიძღვნილი კონფერენცია - ,,სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედების მხარდაჭერა“ გაიხსნა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 24 თვის განმავლობაში, პროგრამის ფინელი, პოლონელი და ლატვიელი ექსპერტები, ქართველ კოლეგებთან ერთად, შეიმუშავებენ ეფექტიან და უსაფრთხო სატრანზიტო სისტემებს, განავითარებენ თანამშრომლობის მარტივ და სწრაფ პრაქტიკას, რაც მომავალში შესაძლებელს გახდის თავისუფალი ვაჭრობის კიდევ უფრო ხელშეწყობასა და პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ. მან ყურადღება გაამახვილა, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სისტემაში საერთაშორისო სტანდარტებისა და გამარტივებული საბაჟო პროცედურების მნიშვნელობაზე. ამასთან, ვახტანგ ლაშქარაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს, როგორც სავაჭრო და სატრანზიტო ჰაბის მზარდ ეკონომიკურ როლზე და ინვესტიციების გაძლიერების პერსპექტივებზე.
პროექტს - ,,სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედების მხარდაჭერა’’ ევროკავშირი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 1 500 000 ევროს შეადგენს.