ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან მცირე, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის ეფექტური ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში, იმ დიდ ეკონომიკებთან, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი ვივაჭროთ, გვქონდეს მეტი საექსპორტო შემოსავლები და ამით გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკაც,- ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის ის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმდა. მისივე თქმით, უკვე მზადაა კანონპროექტი, რომელიც ამ მიმართულებაში არსებულ ობიექტურ რისკებს დააზღვევს.
„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ სავაჭრო რეჟიმებს აქვს თავისი კანონები. ჩვენ ამავე დროს გახლავართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა და შესაბამისი კანონმდებლობის პირველი პროექტი მოვამზადეთ. ის ითვალისწინებს წესებს, რომლებიც ვფიქრობ იმ ობიექტურ რისკებს დააზღვევს, რაც არსებობს ამ მიმართულებაში,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.