ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ქობულიას განცხადებით, საპენსიო რეფორმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაგეგმა, შეესაბამება მსოფლიოში გამოყენებულ პრაქტიკებს, რომლებმაც შედეგი მოიტანა.
ეს განცხადება გიორგი ქობულიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, გიორგი ქობულიამ საპენსიო რეფორმის დეტალებზე საუბრისას მისი ეკონომიკური მნიშვნელობაც განმარტა.
„მარტივად რომ ავხსნათ, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები გავზარდოთ - რომ ხალხმა მეტი ფული დაზოგოს და ეს ფული ეკონომიკაში ჩავატრიალოთ. დღესდღეობით ჩვენ ყველა პროექტს ვალით ვაფინანსებთ, ჩვენ კი გვინდა, რომ ეს თანხები ეკონომიკაში ჩავატრიალოთ“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
შეკითხვაზე, ექნება თუ არა საპენსიო რეფორმას რაიმე გავლენა დღევანდელ პერნსიონერებზე, მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მათზე საპენსიო რეფორმას გავლენა არ ექნება იმ თვალსაზრისით, რომ დღევანდელი პენსიონერი ისევე მიღებს პენსიას, როგორც აქამდე იღებდა. „მათ რომ დავეხმაროთ და გავუზარდოთ პენსიები, ამისი ერთადერთი გზა არსებობს, ეკონომიკა უნდა გავზარდოთ, ქვეყანაში მეტი ფული უნდა შემოვიტანოთ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
რაც შეეხება კაპიტალის ბაზარს, მინისტრობის კანდიდატმა ამ თემაზეც გააკეთა განმარტება. მისი განცხადებით, კაპიტალის ბაზრის განვითარება დაკავშირებულია საპენსიო რეფორმასთან - უნდა იყოს შემუშავებული მექანიზმი, თუ როგორ მოხდება ამ დაზოგილი თანხების დაბანდება.
„კაპიტალის ბაზრის განვითარებას კიდევ სხვა მნიშვნელობაც აქვს - საქმე იმაშია, რომ ჩვენ აქაც გვინდა დამატებითი მექანიზმის შექმნა, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკაში მოზიდული იყოს თანხები. კაპიტალის ბაზარი მეტი არაფერია - შეიძლება არსებობს რაღაც კომპანია, რომელსაც სურს თანხების ბიზნესში ჩადება, ოღონდ არა ბანკის გავლით. საქართველოში ფულის ასე დაბანდების მექანიზმი არ არსებობს, ამისთვის შესაქმნელია ფონდები. ამიტომ უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, ეს არ არის რევოლუცია, ესაა ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.