ბევრს ჰგონია, რომ სოფლის მეურნეობა არის ის, რითაც არის დაკავებული, მაგრამ ეს ასე არ არის - ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობა ნატურალური მეურნეობიდან რეალურ სოფლის მეურნეობაზე გადავიყვანოთ,- აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.
პრემიერმა მიწის ახალი რეფორის საჭიროებაზე ისაუბრა.
"არსებული მდგომარეობა იწვევს იმას, რომ ჩვენ არათუ სოფლის მეურნეობისა და მისი გარკვეული მიმართულებების განვითარებაზე ვსაუბრობთ, არამედ მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ნატურალური მეურნეობით არის დაკავებული. რა თქმა უნდა, არსებობს ეროვნული უსაფრთხოების მომენტები, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ასევე უნდა ვთქვათ, რომ აუცილებელია ხელი შევუწყოთ იმას, რომ ხდებოდეს მიწის ეფექტური ათვისება და მიწების გაერთიანება, რათა უფრო კონკურენტუნარიანი დარგი მივიღოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, არის იდეები და პროგრამები, რომ მოსახლეობამ ის კულტურები კი არ მოიყვანოს, რასაც თვითონ საკვებად მოიხმარს, არამედ ის, რასაც შემდეგ გაყიდის და აწარმოებს კონკურენტუნარიან პროდუქტს.
"ექსპორტი 30%-ით არის გაზრდილი, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ჩვენ ვერ ვითვისებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელოვან პოტენციალს. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, საითკენაც ჩვენი ძალისხმევა იქნება ფოკუსირებული", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.