ნავთობის ფასი 73 დოლარამდე დაეცა

მას შემდეგ, რაც ლიბიის პორტებმა მუშაობა განაახლეს და ნავთობის ჩატვირთვა დაიწყეს, ნედლი ნავთობის ფასმა კლება დაიწყო.

დღეს ბარელი ნავთობის ფასს 1 პროცენტზე მეტი დააკლდა. ამასთან, უკვე მეორე კვირაა, ფასი ვარდნას აგრძელებს და სავარაუდოდ, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ი ყველას ირანის ნავთობის შესყიდვისგან თავის შეკავებას ურჩევს, ეს ტენდენცია უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება.

ბარელი ბრენტ მარკის ნავთობის ფასი 1.3 პროცენტით, ან 1 დოლარზე მეტით, 73.45 დოლარამდე შემცირდა. კვირის განმავლობაში კი კლება 4 პროცენტს აღწევს. შედარებიოთ ნაკლებად, 22 ცენტით დაკლო ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასმა, რომელიც ბარელი 70.11 დოლარი ღირს. კვირის განმავლობაში მისმა კლებამ 5 პროცენტს მიაღწია.

ივნისში ნავთობის ფასმა 80 დოლარს მიაღწია მის სიახლოვეს ივლისის დასაწყისშიც დარჩა. ამის მიზეზი, ლიბიიდან და ვენესუელადან მიწოდების შეფერხებები იყო. გარდა ამისა, შეერთებული შტატები სულ უფრო დაჟინებით მოითხოვს, რომ მომხმარებლებმა უარი თქვან ირანისგან ნავთობის შესყიდვაზე.

მაგრამ ნავთობის ფასის კლება მას შემდაგ დაიწყო, რაც ლიბიამ საკუთარი პორტები გახსნა და მის მიერ მოპოვებული ნავთობის ექსპორტზე გატანა განაახლა. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მინისტრმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ირანის ნავთობის რამდენიმე იმპორტიორისთვის, სანქციებზე გამონაკლისების დაშვებას განიხილავს.

არის კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორი, რომელიც ნავთობის გაიაფებას იწვევს. ესაა აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობათა გამწვავება, რასაც ორივე ქვეყნის ეკონომიკის დაზარალება შეუძლია. ამას კი, ნავთობის მოხმარების შემცირება მოჰყვება. ამ შემთხვევაში, ბაზარზე მოთხოვნა დაიკლებს და ფასი დაეცემა.