"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილებების შეტანის სურვილი აქვს"

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილებების შეტანის სურვილი აქვს, ჩვენ ამას ვიხილავთ და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ, რომელიც პრიორიტეტული იქნება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრისას, ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას საუბარში სკეპტიური ნოტები შეინიშნებოდა, თითქოს და, რაღაც გადასახედი და შესასწავლი იყო. გოცირიძემ მოითხოვა პასუხი კითხვაზე, როგორი პერსპექტივა აქვს ანაკლიის პროექტს, რატომ არ ვითარდება აღნიშნული პროექტი და ახალი მთავრობა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი რამე ნიშნით ხომ არ ახდენს ანაკლიის პროექტის რევიზიას. რომან გოცირიძემ აქვე დასძინა, რომ “ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული ადამიანების ირგვლივ მრავალი ჭორი გაჩნდა და არის საუბარი, ზოგიერთის დაკითხვისა და საქმის აღძვრის შესახებ“.

გოცირიძეს მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, სსიპ-ი, რომელიც ანაკლიის კონსორციუმთან ურთიერთობს, დღეისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროშია და ის ეკონომიკის სამინისტროდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს თავისი ხელშეკრულებებით გადაეცა.

“ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი. გვაქვს ურთიერთობა ანაკლიის კონსორციუმთან, გვაქვს შესაბამისი ვალდებულებები ჩვენც და კონსორციუმსაც. კონსორციუმის მხრიდან არის გარკვეული თხოვნები ხელშეკრულებებში გარკვეულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ვიხილავთ. იმის გათვალისწინებით, თუ რა მნიშვნელობის პროექტია, ჩვენ ვეცდებით, როგორც ყველა სხვა პარტნიორთან მიმართებაში, გავითვალისწინოთ. ჩვენთვის მთავარი და პირველი რიგის ინტერესი არის, რომ ჯერ სახელმწიფოს ინტერესი იყოს დაცული, შემდეგ უკვე კონსორციუმის ინტერესი, თუნდაც ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.