ქალაქების აგრარიზაციამდე და სოფლების ინდუსტრიალიზაციამდე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი არჩილ იაკობაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

ერთადერთი საბაზრო სიდიდე, რომელიც კეთილდღეობის გადანაწილების ფუნქციას ასრულებს როგორც მიკრო-, ისე მეზო- და მაკრო-დონეებზე, ეს არის ფასი (იხილეთ ადამ სმიტი - „ერის კეთილდღეობა,“ 1776).

ერთადერთი ავტორიტეტი, ვისაც შეუძლია რომ ფასს წაართვას აღნიშნული ფუნქცია ან ნაწილობრივ მაინც შეზღუდოს აღნიშნული ფუნქციის შესრულებაში, ეს არის სახელმწიფო (იხილეთ დავით რიკარდო - „დაბეგვრის პოლიტიკური ეკონომიკა,“ 1818).

2018 წლის ზაფხულში, დღეებსა და საათებში საქართველოს ეკონომიკის გამოწვევას წარმოადგენს ყოველ ორმოცდაათ მეტრში ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე საწვავის ფასების ყოველკვირეული ზრდა.

მიზეზი არის აბსოლუტურად ეგზოგენური: 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების 25% მატება, რაც ნავთობ-იმპორტიორ ეკონომიკაში ბიზნეს-სუბიექტებისთვის ტრანსფორმირდება მიწოდების ინფლაციად (Supply Side Inflation) და მიწოდების მხრიდან ზემოქმედებს მაკრო-წონასწორობაზე.

საწვავის გაძვირება წარმოადგენს დამატებით ფინანსურ ტვირთს არამხოლოდ საწარმოო ხარჯებზე ყველა ინდუსტრიაში, არამედ სამომხმარებლო ფასებზე და მომხმარებელთა გასავლებზე ყოველდღიურ რეჟიმში.

მიუხედავად ობიექტური მიზეზებისა, აღნიშნული ტვირთის შემსუბუქების ერთადერთი პრეროგატივა გააჩნია სახელმწიფოს.

იმის გამო, რომ საწვავის გაძვირება არ არის მონეტარული ფენომენი და მშპ-ს პირველ რიგში შექმნის (ე.ი. მაკრო-მიწოდების და არა მაკრო-მოთხოვნის) მხრიდან აძვირებს, დოლარიზებულ ეკონომიკაში ეროვნულ ვალუტაზე პასუხისმგებელი მონეტარული ხელისუფლების შესაძლებლობები არის თითქმის ნულამდე შეზღუდული, რომ მყისიერად გაანეიტრალოს საწვავის გაძვირებით გამოწვეული მთლიანი ინფლაცია.

ინფლაცია ასუსტებს როგორც ეკონომიკური ზრდის პროცესს, რომლის შედარებით მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება პირველად, უკანასკნელ ექვს წელიწადში, ისე აქედან სარგებელს თითოეული მოქალაქისთვის და კერძო სექტორისთვის.

ერთადერთი მყისიერი ფისკალური ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია, რომ საწვავის გაძვირებისგან დაიცვას ეკონომიკა, არის აქციზური გადასახადის შემცირება ნავთობპროდუქტებზე.

სანამ ქალაქების აგრარიზაციას და სოფლების ინდუსტრიალიზაციას შეუდგება, ავტორიტარულ–ჰიბრიდული რეჟიმის პირობებში არის მზად „მცირე მთავრობა,“ რომელიც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს, აქციზის შემცირებით ერთადერთ საბაზრო სიდიდეს - ფასს ნაწილობრივ მაინც დაუბრუნოს კეთილდღეობის განაწილების ფუნქცია?

ავტორი: არჩილ იაკობაშვლი

ტექსტი სრულად გამოხატავს მხოლოდ ავტორის პირად მოსაზრებებს