ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებს დავაანონსებთ, რომელიც გულისხმობს საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას და შეზღუდვების შემოღებას ძველი სტანდარტის მანქანების იმპორტზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას გააკეთა.ბახტაძის შეფასებით, ეკოლოგიური გამოწვევები მაღალია და ამ რეალობას თვალი ყველამ უნდა გაუსწოროს.
“რამდენიმე დღეში დავაანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომელიც გულისხმობს საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას და შეზღუდვების შემოღებას ძველი სტანდარტის მანქანების იმპორტზე, ასევე სამშენებლო საქმიანობის წარმოებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვნად აღმოფხვრის პრობლემებს, რაც ამ მიმართულებით გვაქვს“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ბევრი საინტერესო ინიციატივაა მწვანე ეკონომიკის მიმართულებით, რაც წარმატებით განხორციელდება.
პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ნდობის მისაღებად სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ აცნობს.
პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში, სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას იხილავს, რომელიც მამუკა ბახტაძემ წარადგინა.