ინდურმა საავტომობილო კომპანია „ტატა მოტორზმა“, რომლის ჯგუფშიც ბრიტანული „იაგუარ ლენდ როვერი“ შედის, მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანი ავტომობილის, „ნანოს“ წარმობის გაჩერება გადაწყვიტა.
ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან როგორც ინდური გამოცემა „ინდია ეკონომიკ ტაიმსი“ წერს, ივნისში კომპანიამ მხოლოდ ერთი ცალი „ნანო“ დაამზადა.
შედარებისთვის, შარშან ივნისში „ტატა მოტორზმა“ 275 ცალი „ნანო“ გამოუშვა, რომელსაც პოპულარობა ვერც სიიაფემ მოაპოვებინა და ვერც იმ გარემოებამ, რომ მასზე ხშირად წერდნენ. ინდურმა კომპანიამ „ნანოს“ მეტსახელად „ხალხის მანქანა“ შეარქვა. მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა. კომპანიამ გაყიდვების სასურველ მოცულობას იმის მიუხედავად ვერ მიაღწია, რომ ინდურ ბაზარზე მომხმარებელი ფასს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
სულ ახლახანს, „ტატა მოტორზმა“ გამოაცხადა, რომ 2019 წელს „ნანოს“ გამოშვებას შეწყვეტდა. 2008 წელს კომპანიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბაზარზე რაც შეიძლება იაფი ავტომობილი გამოეტანა და ამას მიაღწია კიდეც. მაგრამ სასურველ ხარისხს ვერ მიაღწია და ესეც რომ არა, „ნანოს“ რეპუტაცია ხშირმა ხანძრებმაც გაუფუჭა.
სხვათა შორის, თავიდან რამდენიმე ჩინურმა კომპანიამ სცადა, „ტატასთვის“ ყველაზე იაფი ავტომობილის მწარმოებლის სტატუსი ჩამოერთმია. მაგრამ არ გამოუვიდათ. თუმცა მოგებული არც „ტატა“ დარჩა, რომელმაც ვერაფრით მოახერხა ძვლებამდე გაშიშვლებული პატარა ავტოს გაყიდვების სასურველი მოცულობის მიღწევა.
„ნანოს“ განაჩენი იმ დროს გამოუტანეს, როცა ინდური ავტო ბაზრის პრაქტიკულად ყველა სეგმენტი იზრდება. ინდოეთში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები ივნისში 38 პროცენტით, კომერციული ავტომობილებისა კი 42 პროცენტით გაიზარდა.
რაც შეეხება „ნანოს“, ის აღჭურვილია ბენზინის ორცილინდრიანი 0.6-ლიტრიანი ძრავით, რომელიც 37 ცხენის ძალას და 51 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. თავიდან ავტომობილი მინმალურად იყო ეკიპირებული, თუმცა ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, „ტატამ“ მოგვინებით ის უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვა და შასიც დახვეწა. მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა.