Apple ჩინეთში, სუფთა ენერგიაში 300 მილიონი დოლარის მოცულობის ფონდს ქმნის.
როგორც გამოცემა The Wall Street Journal წერს, ამერიკული კომპანიის მხრდიან მსგავსი ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ ეს ტექნოლოგიური გიგანტი მისი პროდუქციის დიდ ნაწილს სწორედ ჩინეთში აწარმოებს და ამ ნაბიჯს დგამს მიუხედავად ვაშინგტონსა და პეკინს შორის არსებული დაძაბული სავაჭრო ურთიერთობისა.
China Clean Energy Fund ფინანსური სახსრების სრულ ოდენობას კომპანია Apple-ისგან და მისი პარტნიორებისგან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს. ფონდი დაკავდება ჩინეთში განახლებადი და სუფთა ენერგიის სფეროში 1 გიგავატი სიმძლავრის ენერგეტიკული წყაროს შექმნით. ელექტროენერგია კი მოხმარდება თავად Apple-სა და მის მიმწოდებელ კომპანიებს ჩინეთში, მათ შორის iPhone Pegatron Corp-სა და Wistron Corp-ს, რომლებიც Apple-ის პროდუქციის ამწყობი საამქროებია.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის აპრილში კომპანიამ გამოაცხადა, რომ მისი პროდუქციის შექმნისთვის და სხვა საჭიროებებისთვის მთლიანად განახლებად სუფთა ენერგიას მოიხმარს, მათ შორის საუაბრია როგორც საწარმოებზე, ასევე კომპანიის ოფისებსა და საცალო მაღაზიებზე. კომპანიის ეს პოზიცია კი თანხვედრაშია ჩინეთის ხელისუფლების გაცხადებულ მიზნებთან, რომელიც ქვეყანაში მწვანე ენერგიის წახალისებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ვითარება Apple-ს რთულ მდგომარეობაში აყენებს, ვინაიდან ის მისი პროდუქციის ძირითად ნაწილს სწორედ აქ აწარმოებს და შემდეგ ახდენს მის ექპსორტს აშშ-ში. კომპანიის პროდუქციის გაყიდვების მხრივ აშშ-ზე მოდის 30%, ხოლო ჩინეთზე 20%.
კოკა კვირკველია