ივნისში, სანამ შეერთებული შტატები, შერჩეულ ჩინურ პროდუქციაზე ტარიფებს გაზრდიდა, ამერიკულ პორტებში ჩინური პროდუქციის გადატვირთვა, მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა.
ამის მიზეზი მარტივია: საცალო ქსელმა გაზარდა მოთხოვნა იმ პროდუქციაზე, რომელზეც მალე ფასების ზრდა იყო მოსალოდნელი.
მაგრამ საქმე ალბათ, ტარიფების ზრდის პირველი ეტაპით არ შემოიფარგლება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, ჩინური პროდუქციის მორიგი, გაცილებით ვრცელი სია აქვს მომზადებული. ეს კი მძიმე დღეში აგდებს ისეთ სავაჭრო გიგანტებს, როგორებიცაა „უოლმარტი“ და „ამაზონი“, რომლებსაც ტარიფების ზრდა უშუალოდ შეეხებათ. მათ ზედმეტი პროდუქციის შეტანამ მოუწიათ, რათა საწყობები გაძვირების მოლოდინში არ დაცარიელებულიყო.
ამერიკულ პორტებში, სადაც ტვირთებს კონტეინერებით ღებულობენ, პიკური პერიოდი ივნისიდან სექტემბრამდეა, როცა ჩინური წარმოების ტანსაცმელზე, ელექტრონიკასა და სათამაშოებზე მოთხოვნილება იზრდება. მეორე პიკი ზამთრის არდადეგების პერიოდს უწევს.
ლოს ანჯელესის პორტის აღმასრულებელ დირექტორ ჯინ სეროკას თქმით, აპრილში და მაისში ჩინური პროდუქციის აშშ-ის პორტებში გადატვირთვა შესაბამისად, 3.9 და 6.9 პროცენტით იყო შემცირებული (შარშანდელ შესაბამის თვეებთან შედარებით), მაგრამ ივნისში 6.3 პროცენტით გაიზარდა. ცნობისათვის, ლოს ანჯელესის პორტი შეერთებულ შტატებში უდიდესი საკონტეინერო პორტია და იქ ყველაზე დიდი რაოდენობით ჩინური პროდუქცია იტვირთება. სეროკა ამ ინფორმაციას „IHS მარკიტისგან“ ფლობს.
ჩინეთმა გამოაცხადა, რომ მისი ექსპორტი მოულოდნელად მკვეთრად გაიზარდა. ქვეყნის ვაჭრობის მინისტრის თქმით, ეს ძირითადად ლოს ანჯელესის პორტისთვის განკუთვნილი ტვირთის ხარჯზე მოხდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათი გაფორმება ძველი ტარიფებით მოსწრებულიყო.