მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებაში.მამუკა ბახტაძის განცხადებით, შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.
„მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში.
სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.
შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“, - აცხადებს პრემიერი.
შეგახსენებთ, რომ მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი მძიმედ დაშავდა.