გეოპოლიტიკა ბაზრების ყურადღების ცენტრში

მსოფლიო ბაზრების ყურადღების ცენტრში კვლავ გეოპოლიტიკაა. ამჯერად მთავარი მოქმედი პირი - შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება (დღეს ჰელსინკიში).

ამ შეხვედრისგან რაიმე რადიკალურ გადაწყვეტილებას არავინ ელის. ეს უფრო ძალების პირველი მოსინჯვა იქნება. ეს აუცილებელია, რადგან ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ასეთი გამწვავებული ჯერ არ ყოფილა.

რუსეთის პრეზიდენტის მიზანი ისაა, რომ უკრაინის გამო დაწესებული სანქციების შერბილებას მიაღწიოს. თუმცა ეს ძნელად წარმოსადგენია, რადგან ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ თავის კოლეგას ყველა მიმართულებით მიაწვება, იქნება ეს აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში დადანაშაულება, თუ სირიის კონფლიქტის გაღვივება.

სხვათა შორის, აშშ-ის კანონმდებლების ნაწილი, ტრამპს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გაუქმებას ურჩევდა. ამის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ სპეციალურმა მრჩეველმა რობერტ მიულერმა ამერიკის არჩევნებში ჩარევაში, 12 რუსი დაადანაშაულა.

გეოპოლიტიკის გარდა, ბაზრების ყურადღება ასევე S&P500-ში შემავალი ამერიკული კომპანიების მეორე კვარტლის შედეგების გამოქვეყნებაა. მათ შორის არიან: „ბენკ ოფ ამერიკა“, „ნეტფლიქსი“ (ორშაბათს), „გოლდმენ საქსი“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ (სამშაბათი), „მორგან სტენლი“, „ამერიკენ ექსპრესი“ და IBM (ოთხშაბათი), „მიკროსოფტი“ (ხუთშაბათი) და „ჯენერალ ელექტრიკი“ და „ჰანიველი“ (პარასკევი).

ამ კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელის გამოსვლა კონგრესის წინაშე. კანონმდებლებს ის ნახევარი წლის ანგარიშს ჩააბარებს. პაუელს სამშაბათს გამოსვლა აქვს სენატის საბანკო კომიტეტის წინაშე, ოთხშაბათს კი ფინანსური კომიტეტს ჩააბარებს ანგარიშს. პაუელის გამოსვლების ტექსტები, მათ დაწყებამდე 90 წუთით ადრე გამოქვეყნდება.