„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი - თუ საჭიროება მოითხოვს შატხების დახურვას, ჩვენ ამის წინააღმდეგ ვერ წავალთ

თუ საჭიროება მოითხოვს შახტების დახურვას, ჩვენ ამის წინააღმდეგ ვერ წავალთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა განუცხადა.„თუ საჭიროება მოითხოვს შატხების დახურვას, გამოძიება სწორად წარიმართება, დასკვნებიც სწორი და მართებული იქნება, ჩვენ ამის წინააღმდეგ ვერ წავალთ. რა თქმა უნდა, გარკვეული სამუშაოების შეჩერება პრობლემებს გამოიწვევს, მაგრამ ამაზე უნდა წავიდეთ“, - განაცხადა ჯაყელმა.

როგორც ჯაყელი ამბობს, შემთხვევა, რამაც 4 მეშახტის დაღუპვა და 6-ის დაზიანება გამოიწვია, სავარაუდოდ, სამუშაოს წარმოებისას დაუდევრობას მოჰყვა.

„აქ მარტო მეთანის აფეთქება არ არის პრობლემა. ჩემი ვერსიაა, რომ არასწორი აფეთქება მოხდა, ან აფეთქება მეთანთან ერთად, თუმცა, მე არ მომეცა საშუალება მენახა შემთხვევის ადგილი, დილიდან დაკითხვაზე ვიმყოფები. გარდა ამისა, ჭერის 10%-იც არ არის ჩამონგრეული, დაშავებულებიც ადვილად მოვძებნეთ. შემთხვევა დაახლოებით, 04:20 წუთზე მოხდა, 5:00 საათისთვის უკვე დაშავებულები ნანახი გვყავდა, დანარჩენებიც ნახევარ საათში ვიპოვეთ.

როგორც იცით, მეთანმზომები უბნებზე დაყენებულია; 2017 წელს, სენსორების დაყენებას მთელი წელი მოვანდომეთ. გარდა ამისა, პრევენციისთვის გვაქვს ერთი კომპონენტი დამატებული და ახლა ვაპირებთ დაყენებას, რისთვისაც შეძენილია სპეციალური მოწყობილობები. საფრთხის მომატების დროს, როდესაც მეთანის პროცენტულობა ზღვარს ზემოთ დაფიქსირდება, შახტში ელექტროენერგია მომენტალურად გაითიშება, რაც მოგვცემს პრევენციის საშუალებას და დაგვიცავს აფეთქებისგან. რჩება მხოლოდ ვენტილაციის სისტემა მუშა რეჟიმში. ამ მოწყობილობების დაყენების პროცესში ვართ, გარკვეულ უბნებზე სატესტო რეჟიმში უკვე გაშვებული გვაქვს ეს სისტემა. აგვისტოში ისევ ველოდებით სპეციალისტებს ჩინეთიდან. მეთანის კონტროლის სტაციონარული სენსორები, რაც ახლა არის, ანთებს ციმციმას და გამოსცემს სიგნალს, როგორც ადგილზე, ასევე მიწის ზევით ოპერატორის მონიტორზეც“, - განაცხადა ჯაყელმა.

რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს, რაც გამომუშავებული ადგილების ამოქოლვას ითვალისწინებდა, რომ არ დაგროვებულიყო მეთანი და არ გამოეწვია აფეთქება, ჯაყელმა განაცხადა, რომ ასეთი ადგილები შახტაში ამოქოლილია.

„მაგალითად, აპრილში აფეთქება მოხდა მინდელის შახტის იგივე უბანზე, აღმოსავლეთ ნაწილში. ეს ნაწილი ამოქოლილია. ახლა შემთხვევა მოხდა ამავე უბნის დასავლეთ ნაწილში, სადაც გამომუშავებული სივრცე ფაქტობრივად არ არის. აფეთქება მოხდა ახალ უბანზე, ვფიქრობ, რომ ეს დაუდევრობამ გამოიწვია, რაღაც გადაცდომასთან გვაქვს საქმე, თუმცა, ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა ჯაყელმა.

რაც შეეხება პასუხისმგებელი პირების ბრალეულობის საკითხს და მათ მიმართ გატარებულ ღონისძიებებს, როგორც ჯაყელი აცხადებს, რამდენიმე შემთხვევაში როგორც მაღაროს მთავარი მექანიკოსის, ასევე უბნის უფროსების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.

„დადგა ერთ შემთხვევაში საწარმოს მთავარი მექანიკოსის, ზურაბ სამაკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, მის ზემოთ თანამდებობრივად ქარხნის დირექტორი იყო. ასევე დამდგარია უბნის უფროსების პასუხისმგებლობის საკითხიც. ბოლო შემთხვევა, რომელიც აპრილში მოხდა, ჯერ გამოძიებული არ არის“, - განაცხადა ჯაყელმა.

რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, როგორც ჯამბულ ჯაყელი ამბობს, გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს ფულადი თანხა გადაეცემათ, ასევე, დაკრძალვის ხარჯებს „საქნახშირი“ გაიღებს“.

ტყიბულში, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. შსს-ს ცნობით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

შემთხვევის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მინდელის შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე გამოძიება და მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტიზა არ დასრულდება.