აფხაზეთში სიმინდის ყანებს ახალი მავნებელი, მწვანე კალია შეესია.მან უკვე მიაღწია გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებამდე და ტყვარჩელის რაიონამდე. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, არის საფრთხე, რომ, ფაროსანას მსგავსად, კალია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც გადმოვიდეს, რადგან სეპარატისტული მთავრობა მავნებელს ვერაფრით უმკლავდება.
აფხაზეთში მოსახლეობა მწვანე კალიას საკუთარი ძალებით ებრძვის. მართალია, დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებები ტარდება, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ სიმინდის ყანები დამოუკიდებლად შეწამლეს და არანაირი დახმარება არ მიუღიათ.
სიმინდის მინდვრებში მწვანე კალიის გავრცელების შესახებ ინფორმაცია წინა კვირას გავრცელდა. დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმირ გერიამ („აფსნიპრესს" განუცხადა, რომ გაჭიანურებული გვალვის გამო სიმინდის ყანებს კალიები მოედო.
სიმინდის ნათესების დაზიანების პირველი ნიშნები 2-3 ივლისს გალის რაიონში გამოვლინდა, ხოლო 4 ივლისს მინდვრების ქიმიური შეწამვლა დაიწყო.
„ამ დროისათვის დამუშავებულია 400 ჰექტრამდე მიწის ფართობი და გალის რაიონში მწვანე კალიის გავრცელება შეჩერებულია, თუმცა რამდენიმე კერა ტყვარჩელის რაიონში დაფიქსირდა. ჩვენ მივაწოდეთ მათ საკმარისი რაოდენობის პესტიციდები ყანების დასამუშავებლად", - თქვა გერიამ.
მისივე ინფორმაციით, გამოვლინდა კიდევ ერთი მავნებელი მწერი, რომელიც ზიანს აყენებს სავარგულებს – ღეროს ფარვანა. ამჟამად, მის წინააღმდეგ ტარდება ღონისძიებები, რათა სიმინდის მოსავალს დიდი ზარალი არ მიადგეს.
„ბიზნეს-რეზონანსი" დაინტერესდა, რამდენად დიდია რისკი, რომ კალია საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც გავრცელდეს. მით უმეტეს, ცნობილია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანა სწორედ აფხაზეთიდან გავრცელდა.
სურსათის უვნებლობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრარულ ღონისძიებებს ვერ განახორციელებენ, რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიას, უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე კალია არსად ფიქსირდება.
მიუხედავად ამისა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საქართველოში მავნებლის გავრცელების რისკი დიდია და პრევენციული ზომებია მისაღები, რომ პარაზიტმა ჩვენს ტერიტორიაზეც არ შემოაღწიოს. ამ მხრივ, როგორც ორგანიზაცია „ჩვენი ფერმერის" აგრონომ-კოსულტანტი ნინა ჭიორელი აღნიშნავს, მაღალი რისკის არეალს განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს საზღვრისპირა სოფლები წარმოადგენენ.
„ინფორმაცია არ მაქვს კალიის გავრცელებასთან დაკავშირებით, მაგრამ საფრთხე ნამდვილად არის. შესაძლოა, კალიაც ისე გავრცელდეს, როგორც თავის დროზე ფაროსანა მოედო რეგიონებს, ამიტომ პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს. აუცილებელია, რომ კალიის წინააღმდეგ ბრძოლის უსაფრთხოების წესები იქნას დაცული, შესაძლებელია როგორც ეკოლოგიის კუთხით ისე რეკომენდირებული დოზებით პესტიციდების გამოყენება დისლოკაციის ადგილებზე, სადაც კალია არის გავრცელებული. ცხადია, წინასწარი ზომების მიღება შესაძლებელია.
საქართველოს ყველა რაიონში ფერმერებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მაგრამ კალია არსად დაუფიქსირებიათ. ცხადია, ეს დამშვიდების საბაბს ვერ მოგვცემს, სანამ გვეცოდინება, რომ აფხაზეთში მავნებელი ბინადრობს, მიმდებარე ტერიტორია საშიშროებას ყოველთვის წარმოადგენს, რადგან აქ მეტია გავრცელების რისკი, შესაბამისად, ადგილობრივმა ფერმერებმა აუცილებლად უნდა შეწამლონ სიმინდის ყანები, პესტიციდების გამოყენება შესაძლებელია როგორც პრევენციის მიზნით, ასევე – პროფილაქტიკური დანიშნულებისათვისაც", - აღნიშნა ნინა ჭიორელმა.
კალიის გამოჩენის ფაქტი „ბიზნეს-რეზონანსს" გალელებმაც დაუდასტურეს. მათი თქმით, მავნებელი ალაგ-ალაგ შეამჩნიეს, თუმცა ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში საკმაოდ გავრცელებულია. გალის ქვედა ზონის სოფლის, ფიჩორის მკვიდრ რაულ გ-ს თქმით, სიმინდის ყანები თითქმის მთელ სოფელში შეიწამლა.
„კალია მასობრივად არ არის მოდებული, სიმინდის ყანებში ჯერაც ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ ზომები უკვე მივიღეთ. ორი დღის წინ შევწამლეთ ყანა. ასე მოიქცნენ სხვებიც, ვინც კი მოახერხა. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით დახმარება არ მიგვიღია, არც არავის დავლოდებივართ, ჩვენ შევიძინეთ წამლები და ყანები შევწამლეთ.
„არ ვიცი, როგორ ფიქრობენ ამ პრობლემის მოგვარებას და რა ზომებს მიიღებენ. აქ კალია ჯერ ნაკლებადაა, მაგრამ ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში საკმაოდ მომრავლდა. ცალკე ფაროსანა გაგვჭირვებია და ახლა ესეც დაგვემატა. ჯერჯერობით სიმინდის ყანა კარგად გამოიყურება, მავნებლის კვალი არ ეტყობა, თუმცა აშკარაა, რომ მოსავლის გადასარჩენად დიდი შრომა დაგვჭირდება", - ამბობს გალელი გლეხი.
გალის მოსაზღვრე სოფლებში, როგორც აღვნიშნეთ, მავნებლის გავრცელების რისკი დიდია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯერჯერობით კალია არსად შეუმჩნევიათ, თუმცა მავნებლის გავრცელების შესახებ იციან ორსანტიასა და განმუხურშიც, რომლებიც საზღვრისპირა სოფლებს წარმოადგენს.
„კალიის გავრცელების შეახებ 2 კვირის წინ გავიგეთ. თითქმის ყოველდღიურად დავდივარ ყანაში და ვამოწმებ, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია. ცოტათი გაფუჭებულია ღერო, მაგრამ ეს უფრო ამინდის გამოა და ამისთვის დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. რამდენადაც ვიცი, არც გალშია საგანგაშო ვითარება, მაგრამ რა ხდება აფხაზეთის დანარჩენ რაიონებში, ვერაფერს ვიტყვი.
საშიში სიტუაცია არ უნდა იყოს, თორემ სპეციალისტები გაგვაფრთხილებდნენ. ფაროსანასთან დაკავშირებით აქტიური კამპანია მიდიოდა, რამე რომ იყოს, უყურადღებოდ არ დაგვტოვებენ", - ამბობს სოფელ განმუხურის მკვიდრი ბეჟანა გოგოხია. კალიების გამოჩენას არც ორსანტიაში ადასტურებენ.
სპეციალისტების განმარტებით, კალია, როგორც მატლის, ისე ზრდასრულ ფაზაში, ღრღნის და აზიანებს მრავალ მცენარეს და იწვევს სერიოზულ დანაკარგს. აზიური კალია ზამთრობს კვერცხში ემბრიონის სახით, პარკუჭანაში, ნიადაგში. ერთი დედალი 2-3 პარკუჭანას წარმოქმნის, ერთ პარკუჭანაში შეიძლება იყოს 30-დან 120-მდე კვერცხი. კალიას წინააღმდეგ აგროტექნიკური ღონისძიებებიდან ურჩევენ ბუდობების ძირითადი კერების დაშრობასა და სარეველებისაგან სავარგულების გასუფთავებას.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"