„მოხარული ვართ, რომ უფრო და უფრო მეტ იტალიურ კომპანიას ვხედავთ ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებში"

მოხარული ვართ, რომ უფრო და უფრო მეტ იტალიურ კომპანიას ვხედავთ ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმის დახურვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს ამოცანაა, 2021 წლის ჩათვლით დასრულდეს ყველა ძირითადი ინფასტრუქტურული პროექტი, რომელიც მოიცავს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს.

“ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ უფრო და უფრო მეტ იტალიურ კომპანიას ვხედავთ ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თქვენ იცით, რომ ჩვენი ამოცანაა, 2021 წლის ჩათვლით დავამთავროთ ყველა ძირითადი ინფასტრუქტურული პროექტი, რომელიც მოიცავს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს. მოხარული ვართ, რომ იტალიური კომპანიები მონაწილეობენ არა მხოლოდ სამშენებლო ბიზნესში, არამედ ძალიან მნიშვნელოვან პროექტირების სამუშაოებშიც, ვინაიდან საქართველო მთა-გორიანი ადგილია და საკმაოდ კომპლექსურ საინჟინრო სამუშაოებს მოითხოვს ის პროექტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. იტალიურ კომპანიებს ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ამ თვალსაზრისით და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვგრძნობთ ამ აქტივობას“, - განაცხადა ბახტაძემ.