„ტესლა“ ელექტრომობილების ყველაზე გამორჩეული მწარმოებელია. ეს არცაა გასაკვირი - კალიფორნიული კომპანიის საწარმოო პროგრამაში ხომ მხოლოდ ელექტრომობილები შედის.
და მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ჯერ მოგებაზე არ მუშაობს, მისი სამოდელო გამა სულ უფრო ფართოვდება. უფრო მეტიც, „ტესლა“ წარმოების უცხოეთში დაწყებასაც გეგმავს.
მაგრამ სწრაფი ზრდის და პოპულარობის მიუხედავად, „ტესლა“ მალე ელექტრომობილების ბაზრის ლიდერობას დაკარგავს. „ბლუმბერგი“ აქვეყნებს კომპანია „PA კონსალტინგის“ მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის შესაბამისადაც, „ტესლა“ ლიდერობას 2019 წელსაც შეინარჩუნებს. მაგრამ ამის შემდეგ, მოწინავე პოზიციიდან დიდი კომპანიები თანდათან მე-7 ადგილამდე ჩამოაქვეითებენ.
ამავე კვლევის შესაბამისად, ელექტრომობილების გაყიდვებში 2021 წელს ლიდერი „დაიმლერი“ გახდება, მომდევნო ადგილებს კი „ბეემვე“, „რენო“, „ნისანი“, „მიცუბიში“, „ფოლკსვაგენი“, „ვოლვო“, „ტოიოტა“ და „ტესლა“ დაიკავებენ.
უნდა ითქვას, რომ კვლევის ეს მონაცემები აგებულია თავად კომპანიების სამომავლო გეგმებზე, ელემენტების ტექნოლოგიების განვითარებაზე, პარტნიორებზე, ფინანსურ შესაძლებლობებზე და სხვა ფაქტორებზე.
„ტესლასგან“ განსხვავებით, ყველა ჩამოთვლილ კომპანიას მიწოდების სტაბილური წყაროები, მყარი ფინანსური საფუძველი, ტექნოლოგიები გააჩნია, რაც მათ პრაქტიკულად შეუზღუდავ შესაძლებლობებს ანიჭებს. გარდა ამისა, მათ უკან, კონკურენტულ ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაა. მათ ბევრი ახალი მოდელის მომზადების და მასობრივი წარმოების აწყობილი მექანიზმი აქვთ, რასაც „ტესლა“ ასე მოისაკლისებს. სწორედ ამ გამოცდილების უქონლობაა იმის ძირითადი მიზეზი, რომ ამერიკულ კომპანიას „მოდელ 3-ის“ წარმოებისას უამრავი შეფერხება და პრობლემა აქვს.
ყველაფრის მიუხედავად, „მოდელ 3-სა“ და „მოდელ X-ზე“ სტაბილურად მაღალი მოთხოვნაა. და მაინც, მათი წარმოების მოცულობა ახლოსაც ვერ მივა დიდი კომპანიების შიდაწვისძრავიანი მოდლების წარმოების მოცულობასთან. რა თქმა უნდა, ამის ძირითადი მიზეზი, ელექტრომობილებზე ნაკლები მოთხოვნაა, რომლის გაზრდის შემთხვევაშიც, „ტესლას“ წარმოებაც გაიზრდება.
კვლევაში წერია, რომ რამდენიმე მოდელის მასობრივი წარმოების დასაწყებად, „ტესლას“ რამდენიმე წელიწადი დასჭირდება. და როცა ამას შეძლებს, იმ დროისთვის, ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერის პოზიციებზე სხვები იქნებიან.