აშშ რუსეთს ევროპაში ენერგომატარებლებზე კონკურენციას გაუწევს

აშშ აპირებს, რომ ევროპაში „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. ამის შესახებ ჰელსინკში ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა გაიმართა.

„მაშინ, როდესაც საქმე მიდგება გაზსადენზე, ჩვენ კონკურენციას გავუწევთ რუსეთს და ვფიქრობ, რომ ამ კონკურენციაში ჩვენ წარმატებულები ვიქნებით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა და ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს ევროპულ ბაზარზე კონკურენციას ყველაზე „გადამწყვეტი ფორმით“ გაუწევს.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა გამოხატა თავდაჯერება, რომ აშშ არის მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობისა და გაზის მიმწოდებელი ქვეყანა და აპირებს გათხევადებული გაზის მიმართულების განვითარებას. „მოგვიწევს გაზსადენთან კონკურენცია“ - დასძინა ტრამპმა და ამ მხრივ მიანიშნა გაზსადენის უპირატესობაზე, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. მისივე თქმით, ის ძალიან მტკიცედ ესაუბრა ამ საკითხზე ანგელა მერკელს და „მომავალი გვიჩვენებს, თუ როგორ გადაწყდება ეს საკითხი“.

კოკა კვირკველია