მას შემდეგ, რაც ლიბიამ თავისი ნვთობის ჩასატვირთი პორტების მუშაობა განაახლა, ნავთობის ფასმა კლება დაიწყო და დღეს ბოლო სამი თვის მინიმალურ მაჩვენებელზე ჩამოვიდა.
ლიბიის ნავთობის ბაზარზე დაბრუნების გარდა, ნავთობს ის ფაქტორიც აიაფებს, რომ აშშ-ჩინეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა, მათი ეკონომიკების დასუსტებაში შეიძლება გადაიზარდოს, რაც ნავთობზე მოთხოვნის შემცირებაში აისახება.
ბრენტ მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 49 ცენტით, 71.35 დოლარამდე შემცირდა, რაც 17 აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია. ამერიკული მსუბუქი ნედლი ნავთობის ბარელის ფასი კი 15 ცენტით, 67.91 დოლარამდე შემცირდა. ორშაბათს ორივე მარკის ნვთობი შესაბამისად, 4.6 და 4.2 პროცენტით დაეცა, რაც სწორედ ლიბიის ნავთობის ბაზარზე დაბრუნების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია.
„როგორც ჩანს, ნავთობის ბაზრის განწყობა იცვლება. მიწოდების ხშირი შეფერხებებით გამოწვეული შიში, რომელმაც ფასი 80 დოლარამდე აიყვანა, მცირდება და თანდათან სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ბაზარი კვლავ ჭარბი მიწოდების მოლოდინის რეჟიმზე გადადის“, - ამბობს შვეიცარიული კერძო ბანკ „ჯულიუს ბეარის“ სასაქონლო ბაზრის ანალიტიკოსი კარსტენ მენკე.
წინა კვირაში ნავთობის ფასები თითქმის ყველა მარკაზე საშუალოდ 10 პროცენტით დაეცა. ესეც ლიბიის მიერ მიწოდების განახლებას მოჰყვა. გარდა ამისა, ბაზარზე კვლავაც მოქმედებს ის ფაქტორი, რომ OPEC-მა მიწოდების შეზღუდვა მკვეთრად შეამცირა.
გარდა ამისა, აშშ-ის ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ აშშ-ის შვიდ უდიდეს აუზზე, დღიური მოპოვება აგვისტოში 143 000 ბარელით გაიზრდება და რეკორდულ 7.47 მილიონ ბარელს მიაღწევს.