გაძვირებულ სამედიცინო მომსახურებასა და უკმაყოფილო პაციენტების არმიას ბოლო არ უჩანს.მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სფერო ნელ-ნელა ვითარდება, პრობლემები კიდევ უფრო მეტია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, პაციენტების უკმაყოფილება, როგორც ექიმებს, ასევე კლინიკის შიდა მენეჯმენტსაც ეხება. სპეციალისტების აზრით, ადამიანებს, ვისაც საზოგადოების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ევალებათ, დაუმსახურებლად დაბალი ანაზღაურება აქვთ და ისინი გულგრილად ეკიდებიან თავიანთ მოვალეობას.
პაციენტები უკმაყოფილებას არა მხოლოდ გაძვირებულ სამედიცინო მომსახურებაზე, არამედ მის ხარისხზეც გამოთქვამენ. სამედიცინო სფეროს ქალაქში „უმოწყალო ბიზნესსაც" ეძახიან. უამრავი ადამიანი გამოთქვამს პრეტენზიას როგორც ექიმის კვალიფიკაციაზე, ასევე მედპერსონალის ცივ დამოკიდებულებაზე. სოფია ჩხეტიანი ერთ-ერთი უკმაყოფილო პაციენტია, ვინც ხშირად აწყდება მსგავს პრობლემებს.
„პროფესიით თავადაც ექიმი ვარ, დაახლოებით 2 წელია, რაც ლეიკემია დამიდგინდა და ხშირად მიწევს საავადმყოფოებში ანალიზებსა და სხვა პროცედურებზე სიარული. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვერკვევი როგორც მედპერსონალის, ასევე ექიმების ფსიქოლოგიაში.
ხშირად გაწბილებული დავრჩენილვარ, იმდენად უხეშად და გულცივად მოუმართავთ ჩემთვის. ათასი კითხვა გამჩენია და ისე მიცილებდნენ თავიდან, თითქოს უფასო მომსახურებას ვითხოვდი. ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი მძიმე დიაგნოზი გაქვს, თანხას იხდი ყველაფერში და ექიმები და მომსახურე პერსონალი ამომწურავი პასუხის ღირსადაც არ გთვლიან.
სტომატოლოგი ვარ და ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი პაციენტების გული მომეგო, ამომწურავად ვპასუხობდი ყველა მათ კითხვას. ძალიან კარგად მესმის დაღლილობაც, მორიგეობაც და ამდენი პაციენტის მიღებაც იმ მიზერული ხელფასის ფონზე, რაც ქართველ ექიმებს აქვთ, თუმცა ეს პროფესია მხოლოდ თავის სარჩენად არავის უნდა ჰქონდეს არჩეული. ყველა ექიმი უნდა იაზრებდეს თავის ვალს, პირველ რიგში, პაციენტის წინაშე. როდესაც ავად ხარ, ისედაც ნერვიულობ, ვერაფერში ერკვევი. თუ მძიმე დიაგნოზი გაქვს, ეს საერთოდ დამატებითი სტრესია და ამ ყველაფერს ცუდი ექიმები და გულცივი მედპერსონალი რომ ემატება, ეს უკვე ძალიან ძნელი ასატანია.
კლინიკების ხელმძღვანელებმა ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ, რომ ვითარება მოგვარდეს. პირველ რიგში, ხელფასი უნდა გაუზარდონ, სულ მცირე 100 ლარით მაინც და შემდეგ შიდა მენეჯმენტს უნდა მიხედონ. საჭიროა ტრენინგები, გადამზადება, რომ შიდა პერსონალმა ის თვისებები, რაც აუცილებელია პაციენტებთან ურთიერთობისას, სწრაფად გამოიმუშაონ", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას სოფია ჩხეტიანმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ჯანდაცვის მომსახურება 8,1%-ით გაძვირდა. მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა ფასების ზრდამ ვერ იქონია ხარისხის გაუმჯობესებაზე გავლენა. ტელევიზიით ბოლო დროს ხშირად აშუქებენ ამბებს, რომლებიც ექიმების დაუდევრობით არის გამოწვეული.
ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებული ამბავი საკეისრო კვეთის დროს მუცელში ჩატოვებული 50-სანტიმეტრიანი მარლის ტამპონი იყო. ეს შემთხვევა კერძო კლინიკა "ნინოში" მოხდა. მეან-გინეკოლოგმა ეკა გაგუამ პაციენტი მეორე დღეს მაღალი სიცხით ისე გაწერა კლინიკიდან, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეუმოწმებია. ექიმი ამ შემთხვევაშიც კი თავს დამნაშავედ არ ცნობს და უარყოფს თავისი მხრიდან შეცდომის დაშვების ფაქტს.
ხშირია პრობლემები არალიცენზირებულ ექიმებთანაც. მაგდა სულაბერიძე ლიცენზირებული დერმატოლოგია და კერძო კლინიკა აქვს საბურთალოზე. მისი თქმით, კვირაში ერთი პაციენტი მაინც სტუმრობს, რომელსაც სხვა დერმატოლოგის მიერ კანი აქვს დაზიანებული:
„ერთი კვირის წინ 22 წლის გოგონა მოვიდა, ერთ-ერთ სალონში ყოფილა დერმატოლოგთან, რომელიც, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, არაპროფესიონალია. გოგონას საშინელი შედეგი ჰქონდა კანზე, რის გამოც მკურნალობის ერთწლიანი კურსი დავუნიშნე, თუმცა ეჭვი მეპარება, მისი კანი ისე გამოკეთდეს, რომ ნაწიბურები არ დარჩეს. კანი იყო ე. წ. ნემსით დამუშავებული. ეს მეთოდი უკვე საკმაოდ მოძველებულია და ამას დაემატა ისიც, რომ ალერგიულ ფონზე ფორების დამხურავი კრემით ჰქონდა კანი დამუშავებული. არც კი უცდია პაციენტის კანზე დაკვირვება და არც უკითხავს, იყო თუ არა ალერგიული.
როდესაც კანი საშინელ მდგომარეობაშია, პაციენტს უამრავი წამალი ენიშნება, რომ მდგომარეობა სწრაფად და შედეგიანად გამოსწორდეს, რაც დამატებით ხარჯსა და ასევე გვერდით მოვლენებთან არის დაკავშირებული. არასდროს არავინ აქცევს ამ სალონებს ყურადღებას, ჰგონიათ, რომ დერმატოლოგი არ არის ექიმი და ის ვერაფერს ავნებს პაციენტს, რაც მცდარი შეხედულებაა.
ბოლო პერიოდში ექიმების მხრიდან ისეთი დაუდევრობა ვლინდება, რომ დერმატოლოგებისთვის ვიღას სცალია, ქუჩა-ქუჩა ვინ გააკონტროლებს მათ საქმიანობას.
სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეგულაციებია საჭირო, ქვეყანაში მდგომარეობა გამოსასწორებელია და ამაზე არავინ დავობს. კლინიკების შიდა მენეჯმენტი მოსაწესრიგებელია, კადრების გადაკვალიფიცირება და დატრენინგება გამოიღებს იმ სასურველ შედეგს, რომლისკენაც უნდა ილტვოდეს ქვეყანა", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას მაგდა სულაბერიძემ.
უკმაყოფილო და გაბრაზებული პაციენტების რიცხვი იზრდება. საჭიროა, ექიმები დაფიქრდნენ არა მარტო მუშაობის ხარისხზე, არამედ მიდგომაზეც, რომელიც, რაც დრო გადის, სულ უფრო უარესდება.
თეო გუდავაძე
გაზეთი „რეზონანსი"