მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების შეფასების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) შეფასების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.შეფასების მიზანია საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის სისტემის მიმდინარე ეფექტიანობის ობიექტური ანალიზის წარდგენა PEFA ინდიკატორების მიმართ, რომელიც საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის პროგრესის შესახებ განახლებულ ინფორმაციას იძლევა. ღონისძიება გახსნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

"2017 წელს ფინანსთა სამინისტრომ, პარლამენტთან და აუდიტის სამსახურთან ერთად თვითშეფასება განახორციელა, თუ რამდენად კარგად ხდება სახელმწიფო ფინანსების მართვა. ეს არის მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით და უკვე წელს მსოფლიო ბანკმა თვითონ გადაამოწმა ჩვენ მიერ შეფასებული და დაადასტურა, რომ განხორციელებული რეფორმები ნამდვილად აისახა სახელმწიფო ფინანსების მართვის მენეჯმენტზე. შესაბამისად, ყველა იმ ინდიკატორში, რომელიც შეფასებულია აღნიშნული მეთოდოლოგიით, გაუმჯობესება გვაქვს.

რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული კომპონენტები, სადაც კიდევ შეიძლება გაუმჯობესება. ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ საკითხებს და მომდევნო შეფასება კიდევ უფრო სრულყოფილი იქნება,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

PEFA შეფასების ანგარიში საქართველოსთვის წარმოადგენს პირველ ანგარიშს, რომელიც PEFA-ს ხარისხის უზრუნველყოფის ახალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და მიღებული აქვს შეფასება PEFA CHECK.

პრეზენტაციის ბოლოს მთავრობის, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის კითხვა-პასუხის სესია გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს შეფასება ადასტურებს როგორც რეფორმების მასშტაბსა და სიღრმეს, ასევე მათ მრავალმხრივ მახასიათებლებს.