სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება სერთიფიცირებას დაექვემდებარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მეორე, მესამე და მეოთხე კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების, სამშენებლო პროექტისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება სერთიფიცირებას დაექვემდებარება.მანვე  ვიცე-მერს საკანონმდებლო ცვლილებებისთვის პარლამენტთან ერთად კანონპროექტის მომზადება დაავალა.

„ჩვენ არქტიტექტურის სამსახურში გავამარტივეთ მართვა და ეფექტიანი გავხადეთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. დღეს არქტიტექტურის სამსახური მუშაობს გამართულად, თუმცა საჭიროა ამ სამსახურის მონიტორინგი და ამის საფუძველზე სერვისების დახვეწა. ამჟამად ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა, რაზეც ვმუშაობთ, არის ურბანული განვითარების მართვის პროცესის გაუმჯობესება, რათა დროულად მიიღებოდეს გადაწყევტილებები, რომელიც იქნება ხარისხიანი.

იმისთვის, რომ ეს პროცესი გაუმჯობესდეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორც მერიაში მაღალკვალიფიციური მომსახურება, ასევე მერიის გარეთ არსებული პროცესების მართვა და განვითარება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, არქიტექტურისა და ურბანული მართვის სფეროში ცალკეული საქმიანობები, კერძოდ, მეორე, მესამე, მეოთხე კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადება, სამშენებლო პროექტის მომზადება და განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება უნდა დაექვემდებაროს სერთიფიცირებას, რათა ქალაქში განხორციელდეს მაღალკვალიფიციური არქიტექტურული მომსახურება და მივიღოთ მაღალკვალიფიციური არქიტექტურული გადაწყვეტილებები.

ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რომელიც მაღალკვალიფიციურ დონეზე მომზადებას საჭიროებს.“ - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.