ტყიბულელი მეშახტეები კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორისგან წარმოების დირექტორის, შახტის დირექტორის და შახტის მთავარი ინჟინერის გათავისუფლებას ითხოვენ.მათ შესაბამისი ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. აღნიშნული მოთხოვნა მეშახტეებმა გენერალურ დირექტორს ჯამბულ ჯაყელს შეხვედრაზე გააცნეს. როგორც ჯაყელმა აღნიშნა, მეშახტეების მოთხოვნის განხილვა, წარმოების სრულად აღდგენისთანავე მოხდება.
ამასთან, „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი შახტში ორი დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილებს და მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„აქვთ წარმოდგენილი განცხადება და ხელმოწერილი სია. ითხოვენ წარმოების დირექტორის, შახტის დირექტორის და შახტის მთავარი ინჟინერის გათავისუფლებას. ვინაიდან დღეს ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, როგორშიც ვართ, ფაქტობრივად მუშახელი ისვენებს და ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოების წესების პრევენციებსა და წყლის ამოქაჩვის სამუშაოებს ვატარებთ მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით, ვინც გამოთქვა სურვილი დარჩენილიყო და ვაწარმოოთ ეს საქმე. მე მათ დავპირდი, რომ სამუშაოების აღდგენის სრული ციკლისთანავე, განხილული იქნება მათი მოთხოვნები და შესაბამისი ზომები იქნება გატარებული“, - განაცხადა „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა.