არქიტექტურისა და ურბანული მართვის სფეროში მეორე, მესამე და მეოთხე კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებების, სამშენებლო პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება სერთიფიცირებას დაექვემდებარება,- ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის თქმით, ამისათვის კანონში ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო და მან მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს პარლამენტთან ერთად ამ საკითხზე მუშაობა დაავალა.
"ჩვენ მიმდინარე წელს განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც არქიტექტურისა და ურბანული განვითარების საკითხები ერთმანეთისგან გაიმიჯნა. ურბანული განვითარების სამსახური ფაქტობრივად ნულიდან, ახალი შეიქმნა. გავამარტივეთ არქიტექტურის სამსახურში მართვა და ეფექტიანი გავხადეთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ამჟამად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაზეც ვმუშაობთ, არის ურბანული განვითარების მართვის პროცესის გაუმჯობესება. იმისთვის, რომ ეს პროცესი გავაუმჯობესოთ, მნიშვნელოვანია როგორც მერიაში მაღალკვალიფიციური მომსახურება, ასევე მერიის გარეთ არსებული პროცესების მართვა და განვითარება. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, არქიტექტურისა და ურბანული მართვის სფეროში ცალკეული საქმიანობები, კერძოდ: მეორე, მესამე, მეოთხე კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებების მომზადება, სამშენებლო პროექტების მომზადება და განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება უნდა დაექვემდებაროს სერთიფიცირებას. ეს იმისთვის, რათა ქალაქში განხორციელდეს მაღალკვალიფიციური არქიტექტურული მომსახურება,"- განაცხადა კახა კალაძემ.