მიუხედავად პრემიერის მოწოდებისა, კომპანია „საქნახშირი ჯი აი ჯის“ ადმინისტრაცია ბოლო ორი დღის მანძილზე ყველა დასაქმებულს ურეკავს და სთხოვს, სამუშაო ადგილზე დაბრუნებას, - ამის შესახებ დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მეშახტეებისგან აქვს.
ლიპარტელიანის განცხადებით, ადმინისტრაციამ გუშინ აღნიშნულთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა, სადაც მითითებულია, რომ ეს ეხება ყველა დასაქმებულს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაცდენილი დღეები არ აუნაზღაურდებათ.
„ჩვენი კანონმდებლობით, ნებისმიერს აქვს უფლება, არ იმუშაოს, როდესაც მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. მეორე მხრივ, ადმინისტრაციის ეს ბრძანება პრემიერის განცხადებას ეწინააღმდეგება, რომლითაც შახტებში სამუშაოები უნდა შეჩერდეს და ამასთან, უნდა მოხდეს ამ დღეების ანაზღაურება“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.
მისივე თქმით, პრემიერის ეს განცხადება მნიშვნელოვანია, თუმცა დაგვიანებული. პროფკავშირები მოუწოდებს პრემიერს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს სამხრივი კომისიის სხდომა, სადაც მიმდინარე წლის აპრილში პროფკავშირის მიერ შახტებთან დაკავშირებით მოთხოვნებს განიხილავენ.
პროფკავშირები ასევე მოითხოვენ, შახტებში სამუშაოები შეჩერდეს მანამ, სანამ საერთაშორისო ექსპერტები შახტაში მომხდარის მიზეზებს არ შეისწავლიან.
შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი.
შსს-ს ცნობით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.