რვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნისანის“ სანდერლენდის ქარხანამ კროსოვერ „ჯუკის“ წარმოება დაიწყო. ახლახანს კი ამ ქარხნის კონვეიერი, პოპულარული ავტომობილის მემილიონე ეგზემპლარმა დატოვა.
იაპონური კომპანია ბრიტანეთში ყოველ 105 წამში თითო ახალ „ჯუკს“ უშვებს, რომლებიც ძირითადად, ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი.
„ნისან ჯუკი“ მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი პირველი სუბკომპაქტური კროსოვერია. „ნისანი“ მყიდველს ამ ავტომობილის პერსონალიზაციის ფართო სპექტრს სთავაზობს. ინტერიერის და ექსტერიერის შესრულების მხრივ, დაახლოებით 23 000 განსხვავებული კომბინაციის მიღებაა შესაძლებელი. ეს კი ავტომობილის გაყიდვების ზრდას უზრუნველყოფს. მემილიონე ეგზემპლარი ღია ლურჯ ფერშია შესრულებული, რომელიც „ჯუკის“ მყიდველისთვის შეთავაზებული ერთ-ერთი ახალი ფერია.
„რვა წლის წინათ, ბაზარზე ჯუკის მსგავსი არაფერი გვენახა. ამ ავტომობილმა სრულიად ახალი სეგმენტი ჩამოაყალიბა და ბაზარზე აქამდე არნახული, უჩვეულო სტილი შემოიტანა. დღეს ჩვენ ის უკვე მემილიონე მომხმარებლისთვის გამოვუშვით, რაც მეტყველებს, რომ „ჯუკი“ სეგმენტის ლიდერად რჩება“, - ამბობს „ნისან იუროპის“ უფროსი ვიცე პრეზიდენტი კევინ ფიტცპატრიკი და დასძენს, რომ საოცარია, როცა ხედავ, რომ „ჯუკი“ ახლაც ისეთივე პოპულარულია, როგორიც გამოშვებიდან მოკლე დროში გახდა.
ეს მეორე კროსოვერია, რომელსაც „ნისანი“ თავის ბრიტანულ ქარხანაში აწარმოებს. 2006 წელს სანდერლენდში უფრო მოზრდილი (კომპაქტური) „ქაშკაის“ წარმოება დაიწყო, რომელმაც ასევე სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, თუმცა მოგვიანებით „ჯუკის“ ჩრდილში მოექცა.
ცნობისათვის, „ნისანი“ თავის პოპულარულ ქროსოვერს სანდერლენდის გარდა, იოკოსუკაში (იაპონია) და პურვაკარტაშიც (ინდონეზია) აწარმოებს.