თბილისში, ორთაჭალაში დაანონსებული ბიზნეს სახლის მშენებლობისთვის ტენდერი მიმდინარე წლის აგვისტოში გამოცხადდება.
მისი სავარაუდო შესყიდვის ღირებულება 55 მილიონი ლარია (მანამდე 71 მლნ). მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ბიზნეს სახლის სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დასრულდება. პროექტის დაფინასნსება კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.
„პროექტმა განიცადა ცვლილება, შეიცვალა მისი ღირებულებაც. ძალიან ინოვაციური პროექტია. აღნიშნულ სივრცეში ბიზნესი 600-მდე მომსახურების მიღებას ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“-განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ბიზნეს სახლის პროექტის განხორციელებას ზედამხედველობას „ბიურო ვერიტას ჯორჯია“ უწევს.
საკონსულტაციო კომოპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ბიზნეს სახლი 27 800 კვ.მ იქნება. შენობა 13 000 კვ.მ ფართობზე განთავსდება და 3 000 კვადრატი მთლიანად მწვანე საფარით იქნება დაფარული.
„აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სახლი იქნება ენერგოეფექტური, რაც წყლისა და ელექტროენერგიის დანახარჯების მაქსიმალურად შემცირებას გულისხმობს,“- აღნიშნა „ბიურო ვერიტას ჯორჯიას“ წარმომადგენელმა, ტარიელ გუგავამ.
თავდაპირველად, ბიზნეს სახლის მშენებლობა 2016 წელს იყო დაანონსებული. მას შემდეგ სამშენებლო ვადები და პროექტის ღირებულება რამდენჯერმე შეიცვალა.
ქრისტინე გამთენაძე