ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა კომისიამ, ინტერნეტ კომპანია „გუგლი“ კონკურენტებთან ბრძოლაში მობილურ ოპერაციულ სისტემა „ანდროიდის“ გამოყენებაში დაადანაშაულა და ამისათვის 4.34 მილიარდი ევროს (დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი) გადახდა დააკისრა.
ეს თითქმის ორჯერ სჭარბობს იმ ჯარიმას, რომლითაც ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია შარშან, კლიენტებისთვის ონლაინ შოპინგის ძიების სერვისის შეთავაზების გამო დაჯარიმდა. „გუგლი“ აცხადებს, რომ ევროკავშირის ანტიმონოპოლისტური კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ეს ჯარიმა დიდად არ დააზარალებს „გუგლის“ მფლობელ კომპანია „ალფაბეტიკს“, რომელიც 5 მილიარდ დოლარს ორ კვირაში გამოიმუშავებს და რომლის ფულადი რეზერვები 102.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. მაგრამ ეს ალბათ, გახდება კიდევ ერთი განხეთქილების საბაბი ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის, რომლებსაც სავაჭრო სფეროში ურთიერთობები ისედაც გართულებული აქვთ.
ევროკავშირის ანტიმონოპოლისტური კომისიის ხელმძღვანელ მარგერეტ ფესტაგერის შეფი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იანკერი დღეს ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ისინი ახალ ამერიკულ ტარიფებს განიხილავენ.
დაჯარიმების გარდა, ფესტაგერმა გააფრთხილა „გუგლი“ იმის თაობაზე, რომ ამერიკულმა კომპანიამ 90 დღეში უნდა შეწყვიტოს სმარტფონების მწარმოებლებთან და სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან ანტი-კონკურენტული შეთანხმებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკომისია იმუქრება, რომ ამერიკულ კომპანიას, „ალფაბეტის“ საშუალო დღიური მოგების 5 პროცენტის ოდენობით ჯარიმას გამოუწერს.
„გუგლის“ დაცვამ არგუმენტად „ეპლის“ მაგალითი მოიყვანა, რომელიც იგივე პრაქტიკას იყენებს. მაგრამ ევროკომისიამ ის უარყო, რაც იმით დაასაბუთა, რომ „აიფონის“ მწარმოებლის პროდუქცია მეტისმეტად მაღალია იმისათვის, რომ ის მომხმარებლისთვის სერვისის ფასების დაგდებაში დაადანაშაულოს.
ანდროიდი მსოფლიოში წარმოებული სმარტფონების დაახლოებით 80 პროცენტზეა გამოყენებული და ის „გუგლის“ წინააღმდეგ აღძრული ანტიმონოპოლიური საქმეების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიას „გუგლის“ წინააღმდეგ მესამე საქმეც აქვს აღძრული, რომელიც სარეკლამო პროდუქტ „ედსენსს“ ეხება. კონკურენციის კომისია უკმაყოფილოა იმით, რომ „გუგლი“ მესამე მხარეს თავისი სარეკლამო სერვისით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს, როცა ისინი „გუგლის“ კონკურენტების რეკლამირებას ცდილობენ.